მარიხუანას ლეგალიზაცია

ბათუმის ეპარქიის ორგანიზებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია იგეგმება

მეუფე დიმიტრი
facebook.com/batum.lazeti

საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ორგანიზებით, 6 აგვისტოს, 16:00-ზე ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია იგეგმება. ეპარქიის facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მარიხუანასთან დაკავშირებით, ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ".

დღესვე 30 ივლისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საკვირაო ქადაგებაში ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. მისი თქმით, ნარკოტიკების "ნებადართვა არის მტრობა ჩვენი ქვეყნისა".

"დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნების დართვა ნარკოტიკებზე, თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ გამოეტანათ ეს დადგენილება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნარკოტიკებს თუ დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა და ნარკოტიკების მოყვანა. მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს ჩამოსვლას ახალგაზრდებისა მეზობელი ქვეყნებიდან, ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდების და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების."- ამბობს ილია მეორე.

მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის მიუხედავად, მისი გასაღება და ფლობა კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. გამომშრალი სახით 70 გრამზე მეტის ფლობა, ხოლო ნედლი სახით 100 გრამზე მეტის ფლობა პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო გასაღება კი რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთანავე, გასაღებად შეიძლება ჩაითვალოს ქმედება თუ ის უსასყიდლოდაც ხდება.

კომენტარები