საუდის არაბეთი

საუდის არაბეთმა კანადის ელჩი გააძევა და სავაჭრო და საინვესტიციო პროექტები შეაჩერა

მიშელ ობამა, სამარ ბადავი და ჰილარი კლინტონი
AFP

საუდის არაბეთმა კანადასთან ახალი სავაჭრო და საინვესტიციო პროექტები შეაჩერა, კანადის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცა, ხოლო კანადიდან საკუთარი ელჩი გამოიწვია. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით ქვეყანამ შესაძლოა დამატებითი ზომებიც მიიღოს.

ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საუდის არაბეთში კანადის ელჩის მოწოდებებს მოჰყვა. ისინი საუდის არაბეთს სამოქალაქო უფლებების აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებდნენ.

გასულ პარასკევს კანადამ შეშფოთება გამოთქვა სამოქალაქო და ქალთა უფლებების დამცველების დაკავების გამო, მათ შორის სამარ ბადავის, რომელსაც 2012 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ქალთა სიმამაცის საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

ბადავი სხვა აქტივისტებთან ერთად ქვეყანაში მეურვეობის სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა. საუდის არაბეთში ქალებს მეურვე მამაკაცის გარეშე გადაადგილება ეზღუდებათ. ძირითად გადაწყვეტილებებს ქალების ნაცვლად სწორედ მათი მეურვე მამაკაცები იღებენ.

Human Rights Watch-ის მიხედვით, საუდის არაბეთში ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი სამარ ბადავი და ნასიმა ალ-სადაჰი გასულ კვირას დააკავეს.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი არ ერევიან სხვა ქვეყნების, მათ შორის კანადის შიდა საქმეებში და საპასუხოდ უარყოფენ საკუთარ შიდა საქმეებში და მოქალაქეებთან ურთიერთობაში ნებისმიერ ჩარევას.

კომენტარები