მედიცინა

წამლების ეფექტურობის შესამოწმებლად მეცნიერები მინიატურულ ტვინებს ზრდიან

horizon-magazine.eu

ლაბორატორიაში გაზრდილმა მინიატურულმა ტვინებმა შესაძლოა, მეცნიერებს ახალი წამლების ცხოველებზე შემოწმების პრობლემები დააძლევინოს.

წამლების უმეტესობის თავდაპირველი ტესტირება თაგვებზე ხდება, მაგრამ არსებობს დაავადებები, რომლებიც თაგვებში სრულად არ ვლინდება, არამედ მათში ადამიანში განვითარებული დაავადების სიმპტომების მხოლოდ ნაწილი გვხვდება. შედეგად, გვაქვს ბევრი წამალი, რომლებიც აქრობს დაავადების გარკვეულ ნიშნებს თაგვების ტვინში, მაგრამ უვარგისია ადამიანებისთვის.

„ჩვენ ძალიან კარგად გამოგვდის იმ ნაერთების ამოცნობა, რომლებიც ცხოველებში დაავადებას კურნავს. პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა მათი ადამიანებზე მორგება გვინდა“, - ამბობს ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგი, პროფესორი იურგენ ნობლიქი.

ტვინის უჯრედები, რომლებიც მეხსიერებისთვის, პრობლემების გადაჭრისთვის და მეტყველებისთვის გვჭირდება, წარმოიქმნება ნერვული უჯრედების იმ ტიპისგან, რომელიც თაგვებში არ გვხვდება. თაგვის და ადამიანის ტვინი საკმაოდ განსხვავებულია, ამიტომ წამლების პირდაპირ ადამიანის მოდელზე შემოწმება გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა.

"ფარმაცევტული კომპანიები ასობით მილიონებს ფლანგავენ იმ წამლების შექმნაში, რომლებიც ეფექტურია თაგვებში, მაგრამ უვარგისია ადამიანებისთვის. ამიტომაც, ყოველი ახალი წამლის ბაზარზე შეტანა ხშირად $1 მილიარდზე ძვირი ჯდება",-  განაცხადა პროფესორმა ნობლიქმა ევრომეცნიერების ღია ფორუმზე, რომელიც ერთი თვის წინ საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში გაიმართა.

პროფესორი ნობლიქი განსაკუთრებით დაინტერესებულია ეპილეფსიის და მიკროცეფალიის (დაავადება, რომლის დროსაც ბავშვები პატარა თავის ქალით და ტვინით იბადებიან) მკურნალობით. ის მიკროცეფალიით ან ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისგან კანის უჯრედების იღებს, შემდეგ მათ ისე გარდაქმნის, რომ ემბრიონულ მდგომარეობაში ბრუნდებიან, საბოლოოდ კი მათგან მინიატურულ ტვინებს ზრდის. მიღებულ ტვინის ქსოვილს იგივე დნმ აქვს და იგივე მუტაციას ატარებს, რომელსაც დაავადებული პაციენტი. მინიატურულ ტვინებს დაავადების გარკვეული სიმპტომებიც აქვთ, მაგალითად მიკროცეფალიის შემთხვევაში მათი ზომა ჩვეულებრივზე გაცილებით მცირეა.

ნობლიქის თქმით, მინიატურული, ლაბორატორიაში გაზრდილი ტვინები წამლების შემოწმების სრულიად ახალი მეთოდია და მომავალში, ფარმაცევტულ კომპანიებს ათასობით მინიატურული ტვინის გაზრდა და შემდეგ მათზე წამლების შემოწმება შეეძლებათ.

ერთ-ერთი დაავადება, რომელზეც ამ მიდგომამ შეიძლება გაამართლოს ალცჰაიმერის დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ კვლევებში ამ დაავადების ასობით პოტენციური სამკურნალო საშუალება მოწმდება, ძალიან მცირე მათგანია ეფექტური დაავადების სიმპტომების წინააღმდეგ. ლაბორატორიაში გაზრდილ ტვინებზე ალცჰაიმერის წამლების შემოწმებას ამ პროცესის დაჩქარება შეუძლია.

პროექტ STEMMAD-ის ფარგლებში, მეცნიერების ჯგუფი უკვე იყენებს მინიატურულ ტვინებს ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადების კვლევაში. ისინი ტვინებს ორი მეთოდით ზრდიან: ერთია, პროფესორი ნობლიკის მეთოდის მსგავსად, დაავადებული პაციენტების უჯრედებიდან მუტაციის მატარებელი ტვინის ქსოვილების შექმნა. მეორეა უჯრედების აღება ჯანმრთელი პაციენტებისგან, შემდეგ კი უჯრედების გენური რედაქტირება ისე, რომ დაავადება განუვითარდეთ. ამ უკანასკნელის უპირატესობა ისაა, რომ პაციენტების პირადი ინფორმაცია უფრო დაცულია და ფარმაცევტული კომპანიებს ტვინების კვლევას გაუმარტივებს.

„კომპანიებს შეეძლებათ სხვადასხვა ტიპის ტვინის უჯრედების გამოყვანა და ბიოსამედიცინო ინდუსტრიისთვის შეთავაზება, რათა მათ სხვადასხვა ნაერთების ადამიანის ცოცხალ ნეირონებზე შემოწმება შეძლონ. იმედი მაქვს, რომ ადამიანის ნეირონები უფრო გაამართლებს ვიდრე მღრნღნელების.“,- ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების მკვლევარი და პროექტ STEMMAD-ის ხელმძღვანელი პროფესორი პოლ ჰითელი.

მეცნიერების მტკიცებით, ფარმაცევტული კვლევების ფასი ექსპონენციალურად გაიზარდა, რამაც ბევრ კომპანიას აიძულა შეეწყვიტა კვლევები ნეირომეცნიერებების მიმართულებით. მათივე თქმით, მინიატურული ტვინები კვლევის ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიხილავთ რევოლუციას, რომლის შედეგადაც მედიცინა და ბიოლოგია აღარ იქნება დამოუკიდებელი დისციპლინები. არის ბევრი სრულიად ახალი წამლის შექმნის და მკურნალობის მეთოდის შემუშავების იმედი.", - ამტკიცებს პროფესორი ნობლიქი.

კომენტარები