საქართველოს უზენაესი სასამართლო

ვოლსკი: სასამართლოებში პრეზიდენტის კანდიდატები არასდროს ყოფილან დამოუკიდებლები

საქართველოს პარლამენტი

ვოლსკი: პრეზიდენტის კანდიდატები სასამართლო სისტემაში არასდროს ყოფილან დამოუკიდებლები 

ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის თქმით, სასამართლო სისტემაში პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატები არასდროს ყოფილან დამოუკიდებლები.

"პრეზიდენტის პრეროგატივაა, წარმოადგინოს კანდიდატურა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანდიდატურა უნდა იყოს განსწავლული, პრინციპული და არ უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნებით გამორჩეული. 

პრეზიდენტი როგორ ისურვებს კონსულტაციების გამართვას, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. აქამდე რაც გაუმართავს, მისი კანდიდატურები ყოველთვის მისივე აპარატიდან იყვნენ წარდგენილები. მე არ ვაფასებ კანდიდატებს საკონსტიტუციო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ არასდროს არავინ ყოფილა დამოუკიდებელი რაიმე ნიშნით", - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა.

ჟურნალისტების კითხვას, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ახლა აირჩევს თუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვოლსკიმ არ უპასუხა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან უზენაესი სასამართლოს კანდიდატთან დაკავშირებით დღეს გაიმართა. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის აუცილებლობა დაასახელა.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს. 

თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებს დაელოდება და უზენაესის თავმჯდომარეს შემდეგ აირჩევს, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის. 

მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავარი დოკუმენტის განახლებული ვარიანტი ძალაში შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი არა პრეზიდენტის, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით აირჩევს. 

კომენტარები