აგვისტოს ომი

საგარეო: უსაფუძვლოა ბრალდება, რომ უგულებელვყოფთ 2008 წლამდე რუსეთის ქმედებების მძიმე შედეგებს

kvira.ge

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, სადაც ეწერა რომ, -დღეს 10 წელი შესრულდა რუსული სამხედრო ინტერვენციიდან და ოკუპაციიდან, სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი მარი ნარჩემაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ნარჩემაშვილი წერს, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდება, თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უგულებელყოფს 2008 წლამდე შეიარაღებული მოქმედებების მძიმე შედეგებს.

"მსურს გამოვეხმაურო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების ირგვლივ წარმოქმნილ გაუგებრობას. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც გულანთებული პატრიოტიზმით ეკიდებიან ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს და დავარწმუნო, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა ქმედება წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც მიმართულია სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციისკენ. ამიტომ მედიის იმ წარმომადგენლებისათვის, რომლებმაც სამინისტროს განცხადებაში მოყვანილი პასაჟი რუსეთის ინტერვენციის შესახებ შეცდომად ჩათვალეს, მსურს განვუმარტო შემდეგი: 2008 წლიდან მოყოლებული ყოველი წლის 7 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს განცხადებას, რომელიც ეძღვნება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს და მის შედეგებს.

დღეს გაკეთებული განცხადებაც ეხმიანება სწორედ 10 წლის წინ რუსეთის მიერ განხორციელებულ ფართო-მასშტაბიან სამხედრო ინტერვენციას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, ანუ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდება, თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უგულებელყოფს 2008 წლამდე, კერძოდ 1990-იან წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეიარაღებული მოქმედებების მძიმე შედეგებს. პირიქით, საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში ხაზს უსვამს რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არაერთხელ განხორციელდა ეთნიკური წმენდა, რომლის შედეგადაც რამდენიმე ასეული ათასი ადამიანია დევნილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ეფუძნება სწორედ საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც ამბობს, რომ უკანონო ოკუპაციის შედეგი დადგა რუსეთის ფართო-მასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად." - წერს ნარჩემაშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, - "2018 წლის 7 აგვისტოს 10 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და შედეგად საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ."

კომენტარები