საგზაო უსაფრთხოება

ქუთაისის შემოვლით გზაზე რადარები და "ჭკვიანი" კამერები ამოქმედდა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან ქალაქ ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. უწყებაში ამბობენ, რომ ისინი აღნიშნული საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული.

გარდა ამისა, ამავე მონაკვეთზე ამოქმედდა ნომრის ამომცნობი "ჭკვიანი" კამერებიც, რომელთა საშუალებით გაკონტროლდება როგორც სიჩქარის გადაჭარბების, ასევე, სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.

შსს-ს ინფორმაციით, "ჭკვიანი" ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლით გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზეც ამოქმედდება.

უწყებაში აღნიშნავენ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, გასულ თვეში დედაქალაქში 200 "ჭკვიანი" ვიდეოკამერა, ბათუმის მასშტაბით კი 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ახალი წერტილოვანი რადარები განთავსდა ქობულეთი-მახინჯაურის მონაკვეთზეც.

გარდა ამისა, შსს-ში ამბობენ, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით "ჭკვიანი" ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟება გრძელდება.

კომენტარები