2018 წლის 7 აგვისტოს, შეიარაღებული კონფლიქტიდან 10 წლის თავზე, დიმა ოგანოვისა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის "sHEROes"-ის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა.
"ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი “sHEROes”, რომელიც გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა, არის ამბავი ამ ომის შესახებ, ამბავი, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერსად ნახავთ და წაიკითხავთ. მისი მთავარი გმირები ქალები არიან, განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა, ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები - შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში.
"sHEROes" სწორედ ასეთი ქალების - რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია - დანაკარგით, ტკივილით, ცრემლით, სისხლით, და ამავდროულად, იმედით სავსე", - წერია პრეზენტაციის აღწერაში.
გამოფენილ სურათებსა და ისტორიებს სიმბოლურად მავთულხლართები ჰქონდა შემოხვეული. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ის გმირებიც, რომლებზეც წიგნში არის მოთხრობილი.