ახალი ავტობუსები

კალაძე: გაფორმებულია ხელშეკრულება, ქალაქს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება

თბილისის მერია

თბილისის მერიის მიერ ახალი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, ტენდერში კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გაიმარჯვა. კალაძის ინფორმაციითვე, კომპანიასთან ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, რომლის საერთო ღირებულება 45 მლნ ლარს შეადგენს.

„არაერთხელ მითქვამს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რამდენიმე დღის წინ წარმოვადგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა - ხედვა, თუ რა გაკეთდება და რის განხორციელებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. იცით, რომ 2018-2019 წლებში, ავტობუსების სრული განახლება მოხდება და ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, რომელიც ქალაქისა და მგზავრებისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. 90 ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გვქონდა გამოცხადებული, რომელიც უკვე დასრულებულია. პროცესში კომპანია „თეგეტა ტრაქ ენდ ბასმა“ გაიმარჯვა. გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ქალაქს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება“, - თქვა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, კომპანია დედაქალაქში 90 ახალი ავტობუსის შემოყვანას
ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ცხრა თვის ვადაში
უზრუნველყოფს.

თეგეტა ტრაქ ენდ ბასმა მერიას City M-ის კატეგორიის ავტობუსები შესთავაზა. ერთი ავტობუსის ღირებულება 500,000 ლარია, სწორედ ეს იყო მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის სავარაუდო შესასყიდი ფასიც. 

10.5 მეტრის სიგრძის ავტობუსებს მაქსიმუმ 82 მგზავრის დატევა შეეძლება. მერია ახალი ავტობუსების მეშვეობით ბოგდანის მარკის მოძველებული ავტობუსების ჩანაცვლებას გეგმავს. 

Man-ის ავტობუსის ტექნიკური მახასიათებლები მერიის მიერ მოთხოვნილ ნორმებთან მიმართებით ასეთია:

სიგრძე - 10.5 მეტრი, სიგანე 2.5 მეტრი, სიმაღლე 2.758 მეტრი, დასაჯდომი ადგილები 27+1, მაქსიმალური რაოდენობა 82 მგზავრი, ძრავის ტიპი - დიზელი ევრო 6, წონა 16.6 ტონა.

მერიას ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაეშალა, მაშინ დედაქალაქი 100 ავტობუსის შეძენას გეგმავდა. 

კომენტარები