მაჭახელა 7 აგვისტოს ინციდენტზე ორ სხვადასხვა შინაარსის განცხადებას ავრცელებს

რესტორანი მაჭახელა 7 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებით ორ სხვადასხვა შინაარსის განცხადებას ავრცელებს. პირველ განცხადებაში, რომელიც გუშინ გაავრცელეს და დღეს უკვე წაშლილია მათი ოფიციალური გვერდიდან, ადმინისტრაცია წერდა, რომ მათ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს არ ყოფილიყვნენ აგრესიულები რუსულად მოსაუბრე სტუმრების მიმართ, პოსტერების დემონსტრირებაში ხელის შეშლას კი უარყოფდა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი მაჭახელას ადმინისტრაცია ბოდიშს იხდის და წერს, რომ ინციდენტში მონაწილე თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

პირველი განცხადება 

"გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენს ერთერთ ფილიალში მომხდარ არასასიამოვნო ინციდენტს. მოგახსენებთ, რომ ჩვენ ბრალად დაგვდეს, რამდენიმე ფსევდო პატრიოტის მიერ ვითომდა ქვეყნის ოკუპაციის საწინააღმდეგო პოსტერების დემონსტრირების ხელის შეშლა. ჩვენი თხოვნა მათ მიმართ, რომ არ ყოფილიყვნენ აგრესიულები გარშემო მყოფი საზოგადოების მიმართ, განსაკუთრებით კი რუსულად მოსაუბრე სტუმრების მიმართ, რომლებიც იყვნენ უკრაინელები და არა რუსები, გაგებული იქნა, როგორც ანტიეროვნული ნაბიჯი. მინდა მოგახსენოთ, რომ უბრალოდ სირცხვილია მსგავსი საკითხის ამ კონტექსტში მოხსენიება და ბევრი ის არაკორექტული კომენტარი რაც ჩვენი მისამართით იქნა გამოთქმული. დიახ, რუსეთი ოკუპანტია და არცერთი თეთრი არ ღირს ჩვენი გარდაცვლილი გმირების და დევნილების შეურაცხყოფის ფასად. დიახ, ჩვენ ყველა იმ ვითომ პატრიოტისგან განსხვავებით, არა მხოლოდ პროვოკაციული ნაბიჯებით არამედ საქმითაც მზად ვართ აღვნიშნოთ და შევეწინააღმდეგოთ იმ საშინელებას , რაც რუსეთის  ხელისუფლებამ და კერძოდ პრეზიდენტმა პუტინმა ჩაიდინა ჩვენი ერის წინაშე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ვიდგეთ ერთად და არ მივცეთ ჩვენს მტერს საშუალება დაგვყოს და ისე იბატონოს ჩვენზე. რუსეთი ოკუპანტია."

მეორე განცხადება

"პირველ რიგში გვინდა ბოდიში მოვუხადოთ საზოგადოებას გუშინდელი ინციდენტის გამო, სადაც ჩვენი რამოდენიმე თანამშრომლის მიერ ადგილი ქონდა მცდელობას, შეეზღუდათ ერთერთ ჩვენს ფილიალში სტუმრების მიერ ოკუპანტი ქვეყნის მამხილებელი პოსტერის დემონტრირება. სამწუხაროდ საკმაოდ ძნელია ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებების თუ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი. ასევე ძნელია პასუხი აგო ყოველი მათგანის მყისიერ და არასწორ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას რომელიც გვეკისრება ამ შემთხვევაში და დაუყონებლივ ვწყვეტთ საქმიან ურთიერთობას ყველა იმ თანამშრომელთან რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ინციდენტში მათ შორის ადამინთან რომელმაც სრულიად არაკორექტულად და არასწორედ გამოხატა ჩვენი პიზიცია. იმედია ეს იქნება სიგნალი იმისა რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. ასევე გვინდა ავღნიშნოთ რომ ჩვენი ორგანიზაცია სრულიად იზიარებს საზოგადოების იმ გულისტკივილს და აღშფოთებას რაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით არის გამოწვეული. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით მომხდარი ინციდენტის გამო."

7 აგვისტოს აქცია "10 წელი ოკუპაციიდან" გაიმართა. აქციის ერთერთი მონაწილე, ანი გვათუა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე წერს, რომ თავისუფლების მოედანზე მდებარე რესტორან მაჭახელა/სამიკიტნოში მას და მის მეგობრებს მაგიდიდან აქციიდან წამოღებული პუტინის ტრანსპარანტის აღება მოსთხოვეს.

 

კომენტარები