სამსონ ქუთათელაძის საქმე

შსს: გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნილია, დაკავებულია ჭანტურია

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, გენერალ ქუთათელაძის სამსონ მკვლელობის ფაქტი გახსნილია.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ თქვა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია გიორგი ჭანტურია. აღსანიშნავია, რომ უწყებამ ის მკვლელობიდან მალევე დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. "სტამბულის ბაზრის" ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაპირისპირება. შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეს ყველაფერი დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური, ბალისტიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით.

გარდა ამისა, მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები ამოიღო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით), რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს. გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა 18 იანვარს, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ორი კვირის წინ მესტიაში ახალგაზრდა მოკლა (video)

კომენტარები