ფსიქოლოგია; სტრესი

როგორ გავუმკლავდეთ შეყვარებულთან დაშორებას?

0 კომენტარი

რომანტიკული ურთიერთობის დასრულების შედეგები შეიძლება დამანგრეველი იყოს. დაშორებას ხშირად თან ახლავს უძილობა, აკვიატებული აზრები და იმუნიტეტის დაქვეითებაც კი. ნეიროგამოსახვითი კვლევების თანახმად, შეყვარებულთან დაშორება ტვინის იგივე რეგიონებს ააქტიურებს, რომელსაც ფიზიკური ტკივილი და ქრონიკული დეპრესია. ადამიანები ათასწლეულებია განვიცდით დაშორებას, მასთან გამკლავების მეთოდები კი მეტწილად უცვლელია. ხშირად ასეთებად მიიჩნევა დრო, მეგობრების მხარდაჭერა, ალკოჰოლი და ნარკოტიკები.  

ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც რატგერის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა ჰელენ ფიშერმა ჩაატარა, მონაწილეები ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატში მოათავსეს და იმ ადამიანის ფოტოებს აჩვებენდნენ ვინც მიატოვა. ასეთ დროს ყველაზე მეტად ტვინის ის რეგიონები იყო აქტიური, რომელიც დამოკიდებულებასთან, აკვიატებულ ქცევასთან, მოტივაციასთან და ჯილდოსთანაა კავშირში. შესაძლოა სწორედ ეს იყოს მიზეზი, თუ რატომაა რომანტიკული ურთიერთობის დასრულება ასეთი რთული.

ფსიქოლოგი გაი ვინჩი, თავის წიგნში „როგორ გავამრთელოთ გატეხილი გული“ ამტკიცებს, რომ ასეთ დროს ყველაზე დიდი შეცდომაა მიჰყვე დინებას და დაუშვა, რომ ერთადერთი რაც გჭირდება, საკმარისი დროა. ცხადია, დრო გვეხმარება, ისევე როგორც სოციალური მხარდაჭერა, მაგრამ არსებობს ნაბიჯები, რომლებიც შეგვიძლია გადავდგათ, რათა შევამსუბუქოთ ემოციური ტკივილი და დავაჩქაროთ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

"Journal of Experimental Psychology"-ში გამოქვეყნებულ უახლეს კვლევაში, რომელიც მონაწილეთა მცირე ჯგუფზე ჩატარდა, მეცნიერებმა დაშორებასთან გამკლავების განსხვავებული სტრატეგიების ეფექტურობა შეამოწმეს.

დაშორების შემდეგ ადამიანები ხშირად ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რაც სიყვარულის გრძნობას აძლიერებს - მუდმივად შედიან ყოფილი შეყვარებულის სოციალური ქსელის ანგარიშზე, ურთიერთობის საუკეთესო მომენტებს იხსენებენ, ძველი, ბედნიერი პერიოდის ფოტოებს და ვიდეოებს ქექავენ. ამისგან განსხვავებით, კვლევის მიზანი სამი ისეთი ემოციური სტრატეგიის შემოწმება იყო, რომლებიც გულგატეხილ ადამიანს სიყვარულის გრძნობის შემცირებაში დაეხმარებოდა.

პირველ სიტუაციაში, კვლევის სუბიექტი კონცენტრირდებოდა ყოფილი პარტნიორის უარყოფით გადაფასებაზე, მაგალითად მას ესაუბრებოდნენ ყოფილი შეყვარებულის მომაბეზრებელ თვისებებზე. მეორე შემთხვევაში, გრძნობებთან ბრძოლის ნაცვლად ადამიანებს თხოვდნენ, რომ შეეფასებინათ მისი დაშორების შემდეგ დარჩენილი გრძნობა, როგორც რაღაც სავსებით ნორმალური. ბოლო სტრატეგია კი გულისხმობდა ყურადღების გადატანას სრულიად სხვა თემებზე (მონაწილეები პასუხობდნენ ისეთ კითხვებს, როგორებიცაა „რომელია შენი საყვარელი საჭმელი?“).

ამის შემდეგ მონაწილეებს ყოფილი პარტნიორის ფოტოს აჩვენებდნენ და თავის ქალის უკანა ნაწილზე მოთავსებული ელექტროდების მეშვეობით ზომავდნენ ემოციურ რეაქციას და ყურადღებას. ელექტროენცეფალოგრამასთან ერთად მკვლევრებმა კითხვარი და ემოციის შეფასების შკალაც გამოიყენეს.

კვლევამ აჩვენა, რომ ურთიერთობის დასასრულთან გამკლავების ერთადერთი ეფექტური სტრატეგია ყოფილი პარტნიორის და ურთიერთობის უარყოფითი გადაფასებაა.

თუმცა, ეს სტრატეგია საკმაოდ უსიამოვნოა. არც ისე რთულია რაციონალურად მივიღოთ ის ფაქტი, რომ ყოფილი პარტნიორის შეცდომებზე კონცენტრირებით რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებთ, მაგრამ ეს პროცესი მაინც უხერხულობის გრძნობას იწვევს.   

გაი ვინჩის მტკიცებით, არსებობს ორი რამ, რაც უნდა გავაკეთოთ, რათა დავძლიოთ უხერხულობის განცდა და უფრო თავისუფლები ვიყოთ ყოფილი პარტნიორის უარყოფით შეფასებაში. პირველ რიგში, უნდა გავითავისოთ, რომ როცა გულგატეხილები ვართ, ჩვენი გონება მიდრეკილია თავი მოუყაროს იდეალიზებულ წარმოდგენებს, მოგონებებს და აზრებს ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ასეთ დროს მხოლოდ უერთიერთობის საუკეთესო მომენტები და ყოფილი პარტნიორის საუკეთესო თვისებები გვახსენდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი გონება უკვე ქმნის გაუწონასწორებელ, არაზუსტ აღქმებს, რომლებიც არარეალისტურად დადებითია. ასე რომ, ჩვენი უარყოფითი შეფასება არ წარმოქმნის დისბალანსს, არამედ უკვე არსებულს მცდარ აღქმას ასწორებს.

იმისთვის, რომ ეს მეთოდი ეფექტური იყოს, აუცილებელია უარყოფითი შეფასება შეეხებოდეს არა მხოლოდ ყოფილ პარტნიორს, როგორც ადამიანს, არამედ მთლიანად ურთიერთობას. გაი ვინჩის მტკიცებით, სასარგებლო იქნება თუ თქვენი ყოფილი შეყვარებულის შეცდომებს და ურთიერთობის უარყოფით მხარეებს ტელეფონში ჩაიწერთ და როდესაც ურთიერთობის შესახებ იდეალიზებული მოგონებები გექნებათ, ამოიღებთ ტელეფონს და გაიხსენებთ, რომ  თქვენი ურთიერთობა და ყოფილი შეყვარებული იდეალური არ ყოფილა.

დაშორების ერთ-ერთი მტკივნეული ასპექტი არაა დაკავშირებული უშუალოდ ადამიანის დაკარგვასთან, არამედ გამოწვეულია სოციალური წრის შემცირებით, საქმიანობის ცვლილებით, იმ აქტივობების გაქრობით, რომლებსაც ერთად აკეთებდით, როგორც წყვილი. მნიშვნელოვანია ამ სიცარიელების ამოცნობა და შემდეგ ამოვსება.

გულგატეხილობის განცდა გლოვის ნაირსახეობაა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს უძილობა, მადის ცვლილება, შფოთვები, სუიციდალური აზრები და სხვა ბევრი რამ, რასაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ. თუმცა, თუ არ დავუშვებთ შეცდომებს, რომლებიც უკან დაგვაბრუნებს, (ყოფილ პარტნიორთან კონტაქტის გაგრძელება და მეგობრებად დარჩენის მცდელობა) და გავამხნევებთ საკუთარ თავს, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შესაძლოა უსიამოვნო იყოს, ჩვენი ემოციური ტკივილი გაქრება და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია კი დაჩქარდება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - მღვდელი ლეონ გელოვანი

კომენტარები