საპენსიო რეფორმა

მთავრობა ვერ ასახალებს რა თანხას მიიღებს მოსახლეობა საპენსიო რეფორმის შედეგად

ტაბულა

"ამის დაპირების სახით მიცემა მოსახლეობისთვის, რომ შენ 40 წელიწადში გექნება ეს თანხა ამას ვერ ვიტყვით. შეიძლება მხოლოდ სავარაუდო თანხაზე საუბარი,"- ტაბულას პასუხობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე. 

საქართველოს მთავრობა 2019 წლის პირველი იანვრიდან ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის დაწყებას გეგმავს. სისტემის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მთლიანი ხელფასის 6% ყოველთვიურად გადაირიცხება სპეციალურ სახელმწიფო საპენსიო ფონდში. ეს ფონდი მოქალაქეთა მიერ დაზოგილ თანხას სხვადასხვა საინვესტიციო პროექტში დააბანდებს და მას საპროცენტო სარგებელსაც დაარიცხავს. ამ ფულს მოსახლეობა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, საბაზო პენსიასთან (დღეს 180 ლარი) მიიღებს. რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს (40 წელი და მეტი) ეხება.

რეფორმის სქემა:

საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

  • დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს.
  • დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს.
  • სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

მივიღეთ ფორმულა 2%+2%+2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი (და არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 6% დაიზოგება.

თუ პირის შემოსავალი წელიწადში 60 000 ლარზე მეტია, სახელმწიფო მისი საშემოსავლი გადასახადიდან საპენსიო ფონდში კონტრიბუციას არ მოახდენს. 

ამ ფულს სპეციალური საპენსიო სააგენტო განკარგავს. თანხა ჩაიდება ადგილობრივ საფინანსო აქტივებში - სახაზინო ობლიგაციებსა და ქართული კერძო ბიზნესის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში. ფონდის სანვესტიციო საქმიანობაზე ზედამხედველი ეროვნული ბანკი იქნება. 

საპენსიო რეფორმა მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებს შეამცირებს, დამსაქმებლებისთვის კი პრაქტიკულად ახალ გადასახადს წარმოადგენს. 

საქართველოს მოსახლეობას ახსოვს გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ფინანსური კრიზისი და ჰიპერინფლაცია, რომელმაც საქართველოს ეკონომიკა უფსკრულის პირას მიიყვანა. შესაბამისად, დღეს საქართველოში არაა სათანადოდ განჭვრეტადი გარემო ისეთი გრძელვადიანი ინვესიტციისთვის, როგორსაც საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს. მეტიც, თავად ეკონომიკის სამინისტროც კი ერიდება იმის თქმას, რა იქნება ის საპროცენტო სარგებელი, რასაც ფონდი დაზოგილ თანხებს დაარიცხავს.

შესაბამისად, განჭვრეტადი გარემოს არარსებობის პირობებში მოსახლეობის მიერ ფონდში გადარიცხული თანხა არის ხარჯი. ეს არის თანხა, რაც მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებს აკლდება. ქვეყანაში არსებული უკიდურესი სიღარიბის გათვალისწინებით, მთავრობა შემოსავლის ნაწილს წაართმევს უკიდურესად გაჭირვებულ ფენას, რომელსაც საკუთარი არსებობისთვის შემოსავალი ესაჭიროება არა 40 წლის შემდეგ, არამედ დღეს.

ამავდროულად, არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, როდესაც სახელმწიფომ საპენსიო ფონდში არსებული თანხა საერთოდ მიითვისა, შესაბამისად რთულია ითქვას საერთოდ მიიღებს თუ არა მოსახლეობა რამეს მათ მიერ წლების განმავლობაში დაზოგილი ფულის სანაცვლოდ. 

რა არის დამსაქმებლის 2%

საპენსიო რეფორმა ვალდებულებებს დამსაქმებლებსაც აკისრებს, მათ ფონდში დასაქმებულის ხელფასის 2%-ის მოცულობის შენატანები უნდა განახორციელონ, რაც კომპანიებისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს. დასაქმებულისგან განსხვავებით დამსაქმებლებს არჩევანი არ აქვთ, თუ დასაქმებული ფონდში მონაწილეობას დათანხმდა, მის დამსაქმებელს სხვა გზა არ რჩება, და ისიც ავტომატურად ერთვება სქემაში, ეს კი მათთვის ახალი გადასახადის დაწესებასთან საკმაოდ ახლოსაა. სქემაში ჩართვის შემდეგ კომპანიებს სამი არჩევანი აქვთ:

  1. დასაქმებულის საპენსიო ფონდში ჩარიცხონ დასაქმებულის ხელფასის 2% ისე, რომ დასაქმებულის ხელფასის მოცულობა არ შემცირდეს. ამ შემთხვევაში, დამსაქმებლის ხარჯები იზრდება. მაგალითად, თუ ხელფასია 1000 ლარი, დასაქმებულის ხელფასი დარჩება 1000 ლარი და ამასთან ერთად, დამსაქმებელი კიდევ 20 ლარს ჩარიცხავს ფონდში. ჯამში დამსაქმებლისთვის დასაქმებულის ხარჯი გაიზრდება 20 ლარით.
  2. დამსაქმებლებს შეუძლიათ, საპენსიო ფონდში ჩასარიცხი 2% მოაკლონ დასაქმებულის ხელფასს და ისე მიმართონ საპენსიო ფონდში. ამ შემთხვევაში დამსაქმებლის ხარჯები უცვლელია, მაგრამ დასაქმებულის ხელფასი 2%-ით მცირდება.
  3. ნებისმიერი სახის თანაფარდობა ხელფასის 2%-ით შემცირებასა და დასაქმებულის შენახვის ხარჯების 2%-ით ზრდას შორის.

საპენსიო რეფორმის ეს ნაწილი ყველაზე მეტად ჰგავს ბიზნესისთვის ახალი გადასახადის დაწესებას, რადგანაც დასაქმებულთა ნაწილისგან (40-წელზე უფროსების) განსხვავებით, დამსაქმებლებებს არანაირი არჩევანი არ აქვთ. თუ მათი დასაქმებული ფონდში გაწევრიანებას გადაწყვეტს, მათაც სავალდებულო პრინციპით უნდა განახორციელონ კონტრიბუციები.

მოსახლეობის ნახევარს რეფორმის შესახებ არ სმენია

NDI-ს მიერ 2018 წლის 1 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51%-ს რეფორმის შესახებ საერთოდ არ სმენია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, ეს პრობლემას წარმოადგენს. მთავრობა 2019 წლის პირველ იანვრამდე დარჩენილ პერიოდში რეფორმის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას გეგმავს.

კომენტარები