მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: რუსეთი აგრესორია, 90-იანი წლების დასაწყისშივე ახდენდა ჩვენი ტერიტორიების ანექსიას

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

ბახტაძე: რუსეთი არის აგრესორი, მას ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წელს არ დაუწყია

საქართველოს პრემიერმინისტრი ამბობს, რომ რუსეთი აგრესორია და ის 90-იანი წლების დასაწყისიდანვე ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას.

ასე გამოეხმაურა მამუკა ბახტაძე საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შესახებ.

პრემიერმა თქვა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ "ქართული ოცნებას" გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მის პოლიტიკურ განცხადებებს ვერ შეაფასებს, თუმცა მისი პირადი აზრია, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

"სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, ამიტომაც მე ვერ შევაფასებ მის პოლიტიკურ განცხადებას. თუმცა მოგახსენებთ ჩემს პირად აზრს ამასთან [ზურაბიშვილის მიერ ომის დაწყებაზე გაკეთებულ განცხადებაზე] დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია - ეს არის ერთმნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, მას ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008 წელს, 90-იანი წლების დასაწყისშივე რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას, [...] მაშინ, როცა ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. სწორედ ამის შემდეგ ჩაირთო ის აგრესიული მანქანა, რომელმაც შემდეგ გააგრძელა თავისი სცენარების რეალიზება უკვე 2008 წელს", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მისი და მმართველი გუნდის აზრია.

გარდა ამისა, მამუკა ბახტაძემ რუსეთს მოუწოდა გაიყვანონ თავიანთი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან.

"მათ აქვთ აღებული ვალდებულება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიხედვით და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, გაიყვანონ თავიანთი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან, ისევე, როგორც ამას ითვალისწინებს ეს საერთაშორისო შეთანხმება", - თქვა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ევროპელი პოლიტიკოსები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ, თუმცა მან რუსეთის სცენარს ხელი ვერ შეუშალა.

"ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრები, აცხადებენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები აფრთხილებდნენ მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საქართველოსი, რომ რუსეთი გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, იმის მაგივრად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და მოეხდინა ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, მან ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყნას ეს საფრთხე და შესაბამისად, მთელი საქართველო აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები