ირანი

აშშ-ის სანქციების აღდგენის შემდეგ ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება

0 კომენტარი
ფოტო: TheSun

ირანში აშშ-ის მიერ 2015 წელს მოხსნილი ეკონომიკური სანქციების ხელახლა დაწესებას პროტესტი მოჰყვა. აქციები გაიმართა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თეირანის მახლობლად, ქალაქ ქარაჯში, ისპაჰანში, მაშჰადში და შირაზში.

აქციებმა მასშტაბური სახე 2 აგვისტოს მიიღო. ისმოდა შეძახილები "სიკვდილი დიქტატორს."

გასულ ხუთშაბათს ქალაქ ქარაჯში რეჟიმის ძალებმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მიმდინარე კვირაში ისფაჰნის მახლობლად უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირებისას რამდნეიმე ადამიანი დაშავდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ მედიაში გავრცელდა.

ასევე ვრცელდება ვიდეობი, სადაც ჩანს სატვირთო მანქანების მძღოლების გაფიცვა და მანქანების კოლონა, რომელიც გზატკეცილზეა გაჩერებული.

ვრცელდება ცნობები დაკავებების შესახებაც.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ირანს 2015 წელს ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2015 წლის შეთანხმების დატოვების და სანქციების აღდგენის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მაისში მიიღო.

სანქციები მოიცავს შეზღუდვებს ამერიკული ვალუტის შეძენაზე, ირანული ვალუტით ტრანზაქციებზე, ოქროთი და სხვა ძვირფასი მეტალებით ვაჭრობაზე, ალუმინზე, მეტალზე, ქვანახშირზე, ინდუსტრიული პროცესებისათვის გამოყენებად პროგრამებსა და საავტომობილო სექტორზე.

4 ნოემბრამდე, შესაძლოა, ირანს ახალი სანქციებიც დაუწესდეს, რომელიც ირანული ნავთობსა და საბანკო სექტორზე სანქციებს მოიცავს.

"ირანისათვის სანქციები ოფიციალურად დაწესდა. ეს არის ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც კი ოდესმე დაწესებულა და ნოემბერში ისინი კიდევ უფრო გამკაცრდება. ვერავინ, ვინც ირანთან ბიზნესს აწარმოებს, ვერ აწარმოებს ბიზნესს აშშ-სთან. მე მოვითხოვ მსოფლიო მშვიდობას და არაფერს ნაკლებს!" დაწერა დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ აშშ-ის ნაბიჯი "ფსიქოლოგიურ ომად" შეაფასა, რომელიც ირანელი ხალხის დაყოფას ემსახურება.

"ჩვენი სისტემა სტაბილურია, ჩვენ ერთად ვდგავართ." თქვა მან.

გასული წლის 28 დეკემბერს ირანის ქალაქ მეშჰედში გამოსვლები დაიწყო. პროტესტი მალე სხვა დიდ ქალაქებშიც გავრცელდა. მომიტინგეები ეკონომიკურ სტაგნაციას და რეგიონში ირანის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. ერთი კვირის მანძილზე პოლიციასთან შეტაკებების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დააკავეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები