კრიმინალი

შსს: ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობაში ბრალდებულმა მოკლულის ცოლი გაიტაცა

flickr

ვარკეთილში ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულმა, 29 წლის კაცმა მოკლულის ცოლი გაიტაცა. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ პოლიციამ ქალი რამდენიმე საათში იპოვა. მათივე ინფორმაციით, ის სხეულის მცირე დაზიანებებით სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის ამ დროისთვის დაკავებული არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ვარკეთილში მკვლელობა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვიანობის ნიადაგზე 41 წლის მამაკაცი მოკლეს. ასევე, დაჭრილია 48 წლის მამაკაცი.

"2018 წლის 8 აგვისტოს ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის 25-ე კორპუსის სადარბაზოში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები 1989 წელს დაბადებული ც.გ.-ს დასაკავებლად. პირველადი ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ საღამოს, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულია 41 წლის მამაკაცი. ასევე, დაჭრილია 48 წლის მამაკაცი, რომელსაც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება მკურნალობა." - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები