კათოლიკე ეკლესია საქართველოში

მეუფე ჯუზეპე: ფალიაშვილი, თამარაშვილი და სხვა კათოლიკეები სტუმრები იყვნენ?!

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

კათოლიკე ეკლესია საქართველოში პარლამენტის ვიცესპიკერისა და პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ კათოლიკე ეკლესია საქართველოში სტუმარია.

"რვა რელიგიური გაერთიანების საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის თანასწორი საგადასახადო პირობების დაწესება (რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 3 ივლისს დააკმაყოფილა), სოციალურ ქსელ ფეისბუკში პარლამენტის წევრმა ქალბატონმა ირმა ინაშვილმა გამოაქვეყნა მცდარი ინფორმაციის შემცველი საჯარო პოსტი.


“კათოლიკური ეკლესია ჩვენთან სტუმარია, რომელსაც არც არავინ ავიწროებს, არც არავინ ებრძვის, არც ვინმე უშლის ხელს… ეს სტუმარი, ჯუზეპე პაზოტოს სახით, მართლმადიდებლურ ეკლესიას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის და თხოვს იგივე უფლებებს, რაც მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს."


პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რომ აღნიშნული განცხადება შეიცავს მცდარ ინფორმაციას და ხელს უწყობს რელიგიური უმცირესობებისადმი უარყოფითი განწყობების გავრცელებას.


რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის პოზიციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმები არღვევდა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიდა.
შესაბამისად, რელიგიურმა გაერთიანებებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ უთანასწორო უფლებრივი მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით. სარჩელი მიზნად არ ისახავდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაწესებული შეღავათებით სარგებლობის უფლების წართმევას, რაც მკაფიოდ იყო განმარტებული როგორც სარჩელში, ისე ჩვენს განცხადებებში. ამ სარჩელის შეტანით კათოლიკე ეკლესიას საქართველოში როდი სურდა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედება, რომლის მიმართაც თავისი დიდი პატივისცემა არაერთხელ დაუდასტურებია მრავალგვარად.


ვინც ოდნავ მაინც იცნობს საქართველოს წარსულს, მოეხსენება, რომ საუკუნეების მანძილზე, არაერთ გამოჩენილ კათოლიკე სასულიერო თუ საერო მოღვაწეს შეუტანია დიდი წვლილი საქართველოს კულტურულ, რელიგიურ და სოციალურ ცხოვრებაში. და განა შესაძლებელია უთხრა ბატონ თამარაშვილს, ბატონ ფალიაშვილს, ბატონ ზუბალაშვილებს და სხვათა და სხვათა, რომ ამ ქვეყანაში ისინი სტუმრები იყვნენ?!


შეიძლება საქართველოს ნებისმიერ კათოლიკეს ჰკითხო დღეს, არის თუ არა იგი სტუმარი აქ? თუ თავად ამგვარი კითხვა იქნებოდა საბოდიშო? უთხრა, „სტუმარი ხარ ამ ქვეყანაში“, მგონია, რომ ძალზე შეურაცხმყოფელ ელფერს იძენს საქართველოს ყველა კათოლიკესათვის. ვერცერთი სარწმუნოება ვერ იქნება სტუმარი ვერცერთ სახელმწიფოში! 


ვიმედოვნებთ რომ საქართველოს ყოველი მოქალაქის ძალისხმევის მიზანი, რომელ სარწმუნოებასაც არ უნდა მისდევდეს, კათოლიკე იქნება ის თუ არაკათოლიკე, მუდამ იქნება ყოველთა უფლებების დაცვაზე დამყარებული საზოგადოება (ამასთან დაკავშირებით სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით პოზიტიური ნიშანი მოგვცა, რომელსაც უნდა მივყვეთ და რომელმაც ყველა უნდა გაახაროს, ვინაიდან სამართლიანობა მშვიდობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია), ჩვენი სახელმწიფოს სიკეთისათვის, რომელიც მიუხედავად სირთულეებისა, კვლავაც რჩება ულამაზეს და უსაყვარლეს ქვეყნად ყველა ჩვენგანისათვის", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს მეუფე ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი.

კომენტარები