კლუბი ბასიანი

BASSIANI-ის არტისტი: Red Bull-ის ​ფესტივალის მმართველებს რუსეთი გაშმაგებით ებრძვის

არტისტი ზურკინ ჭყონია, რომელიც ერთ-ერთია, ვინც მოსკოვში Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავს, წერს, რომ ფესტივალი იმ ადამიანების ორგანიზებულია, ვისაც "რუსეთის მთავრობა გაშმაგებით ებრძვის". 

"მესმის და სრულად ვიზიარებ თქვენს გაბრაზებას ამ ბუქინგის გარშემო.

პირველ რიგში, არ მინდა თავის მართლებად მიიღოთ ეს ჩემი პოსტი და შევეცდები ძალიან მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ ვინც ამ ფესტივალის უკან დგანან. ეს კონკრეტული პირები ზუსტად იმ კლუბების და ფესტივალების მმართველები არიან, ვისაც რუსეთის მთავრობა გაშმაგებით ებრძვის და მაქსიმალურად ცდილობს შეუზღუდოს [ყველანაირი] თავისუფლება.

ამ ბუქინგის იდეაც ზუსტად "Resistance" არის.

უცვლელად დავაკოპირებ ერთ-ერთი ორგანიზატორის სიტყვებს: "We have an idea to make one night in Gasgolder and call it Resistance in music and I wanted to ask you about the contact of Bassiani guys. It was really important thing that unfortunately didn't work in Russia with Outline and Arma 17. We loose this war, looks like you won) So we would like to invite guys to support you [ჩვენ გვაქვს იდეა, გავაკეთოთ ერთი ღამე გასგოლდერში და დაავარქვათ მას წინააღმდეგობა მუსიკაში. მინდოდა, მეთხოვა ბასიანის ხელმძღვანელების საკონტაქტო ინფორმაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რამაც, სამწუხაროდ, რუსეთში არ იმუშავა. ჩვენ დავმარცხდით ამ ომში, როგორც ჩანს, თქვენ გაიმარჯვეთ, ამიტომ გვინდა, მოგიწვიოთ ჩვენთან, რაღა მხარი დაგიჭიროთ]", - წერს ზურკინ ჭყონია.


კლუბ ბასიანის რეზიდენტები 15 სექტემბერს მოსკოვში Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავენ. ინფორმაცია გუშინ გავრცელდა

ფესტივალის ოფიციალური გვერდის ცნობით, ბასიანის გუნდი მოსკოვში, მის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ეროლ გელბახიანთან ერთად ჩაფრინდება იმისთვის, რომ თბილისური ტექნო-ჩვეულებების "თავისუფლებისმოყვარე ატმოსფერო გააცოცხლოს". 

Red Bull Music Festival Moscow წერს, რომ "მოსკოველების წინაშე წარსდგებიან" კლუბის რეზიდენტები: Bassiani Records-ის არტდირექტორი თორნიკე Kvanchi კვანჭიანი, დიტო Mercurrio ჩიქოვანი, Zurkin და ზუკა ბაბუნაშვილი, ფსევდონიმით Zesknel.

ფესტივალის პრომო ფოტოს ავტორი, ფოტოგრაფი დათო ქორიძე კი ფეისბუქზე წერს, რომ როცა ბასიანის ხელმძღვანელებმა მას ფოტოს გამოყენების ნებართვა სთხოვეს, არ უთქვამთ, რომ ფესტივალი მოსკოვში იმართებოდა. 

"ფოტოზე მომწერეს red bull-ის ფესტივალისთვის გვათხოვეო, სახელს მივაწერთო და ბლაბლაბლა. მე ვუთხარი, კაი საქმისთვის თუ გჭირდებათ აბა რას ვიზამთქო. კონკრეტულად ფესტივალზე არ მიკითხავს არაფერი. (ჩავთვალე, რომ გუდაურში იმართებოდა). ხოდა ვინც ამ ფესტივალზე დაუკრავთ, გახსოვდეთ, რომ :აფიშაზე: დაბეჭდილი ფოტო გადაღებულია 10 დეკემბრის ღამეს. სისტემიის წინააღმდეგ, რომ იბრძოდით იმ ღამეს #naXuI", - დაწერა ქორიძემ.

კომენტარი, რომ მოსკოვში დაგეგმილი ფესტივალის ორგანიზატორები პუტინთან დაპირისპირებული ჯგუფები არიან, ზურკინ ჭყონიამ ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა. 

ამ დრომდე კლუბ ბასიანის ხელმძღვანელობას განცხადება არ გაუკეთებია. როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, ისინი ოფიციალურ კომენტარს ერთ საათში გაავრცელებენ. 

კომენტარები