თურქეთი

ერდოღანი: თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი

Reuters

ანკარასა და ვაშინგტონს შორის პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე თურქული ლირა ახალ ისტორიულ მინიმუმზე დაეცა. ერთი დოლარი 5.95 თურქული ლირა ღირს, რაც ორშაბათს არსებულ კურსს 20%-ით აღემატება. 

აშშ თურქეთში დაკავებული პასტორის, ენდრიუ ბრონსონის გათავისუფლებას ითხოვს. ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპის შეფასებით, ბრანსონი უკანონი პატიმარია. ტრამპის ადმინისტრაციამ ინდივიდუალური სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა და ლირას გაუფასურება შეაფასა თუქრეთის პრეზიდენტმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, "არ დაგავიწყდეთ, რომ თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი. შეხედეთ სად ვიყავით 16 წლის წინ და სად ვართ ახლა."

ერდოღანი ლირას ვარდნის ფონზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ეწინააღმდეგება. მას სურს, რომ საპროცენტო განაკვეთები დაბალ ნიშნულზე დარჩეს, რათა ამით ეკონომიკური ზრდა წახალისდეს. თუმცა, აღნიშნული მიმართულება დიდ რისკებს შეიცავს, რაც მომავალში გაზრდილ ინფლაციაში შეიძლება აისახოს. 

ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის მიზეზი მხოლოდ პასტორის დაკავება არაა, ამის ერთერთი მიზეზია აშშ-ის მიერ თურქულ იმპორტზე ბარიერების დაწესებაც. დონალდ ტრამპის მიერ ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე 25% და 10%-იანი ტარიფების შემოღების შედეგად, თურქული ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე გაძვირდა. თურქეთის მთავრობამ საპასუხოდ ამერიკულ იმპორტზე გაზარდა ტარიფები, ერდოღანის მთავრობის სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა მიზეზი რაც აშშ-ის ადმინისტრაციას თურქეთთან მიმართებით დამატებითი ტარიფების შემოღებისკენ უბიძგებს. ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი $1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების თურქულ პროდუქციას დაადებენ ტარიფს. 

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და რეგიონის ერთერთი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, შესაბამისად ლირას გაუფასურება რეგიონის ქვეყნებისთვისაც ნეგატიური სიგნალის მატარებელია.

ლარის გაუფასურება უკვე შესამჩნევია. დღეს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობა 2.47-ზე დაიწყო, ახლა კი ერთი დოლარის ღირებულებამ 2.56-ს გადააჭარბა. 

თუ შევხედავთ 1995 წლიდან დღემდე თურქული ლირისა და ლარის გაცვლით კურსებს, ვნახავთ რომ ლარის და ლირას კურსებს შორის დადებითი კორელაცია არსებობს.

კომენტარები