ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, დეა გოშხეთელიანი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, ყოფილი ქმრის სასამართლო პროცესი უკვე მეოთხედ გადაიდო, ორ თვეში კი წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა იწურება და ის საპატიმროდან გამოვა.

გოშხეთელიანი ამბობს, რომ ის საქმეში მთავარი მოწმეა და სასამართლო პროცესზე 4-ჯერ მივიდა, თუმცა არც ერთხელ გამოუკითხავთ, რადგან პროცესი ყველა შემთხვევაში გადაიდო. მისი ინფორმაციით, ამის ოფიციალური მიზეზი ადვოკატების აცილება იყო, რომლებიც საქმეში შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ და საქმის მასალების გასაცნობად დრო ხელახლა ითხოვეს.

დეა გოშხეთელიანი შიშობს, რომ ყოფილი ქმარი და მამამთილი სასამართლოზე ზეწოლას ახდენენ, რადგან ამით ემუქრებოდნენ.

"მემუქრებოდნენ ძალიან ხშირად, ყოფილი ქმარიც და ყოფილი მამამთილიც, რომ ჩემ წინააღმდეგ ყველანაირ გავლენას გამოიყენებდნენ, მათ შორის ქუთაისის სასამართლოშიც, რომ ეს პროცესები მაქსიმალურად მათ სასიკეთოდ შემოტრიალდეს. შესაბამისად, მაქვს იმის რეალური შიში, რომ პროცესის ზედიზედ 4-ჯერ გადადება შემთხვევითობა არ არის. არსებითი განხილვა მიმდინარეობს, მე, მთავარ მოწმეს არ მკითხავენ და როგორ აპირებენ გადაწყვეტილების მიღებას? 9-თვიანი ვადა უკვე იწურება. მივმართავ ყველა უწყებას, რომლის კომპეტენციაშიც შედის ეს საკითხი, მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება იმას, რომ პროცესები არ გაჭიანურდეს და ეფექტური მართლმსაჯულება და სამართლიანი სასამართლოს პრინციპი არ დაირღვეს. განხორციელდეს პროცესები კანონით გაწერილ ვადებში, რათა ჩემი სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცული იყოს, რადგან იმ 9-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ რომ გამოვა, რა ზეწოლებს განახორციელებს ჩემზე, ასევე საქმის მოწმეზე, ჩემს არასრულწლოვან დაზე, არ ვიცი. ძალიან მეშინია", - ამბობს გოშხეთელიანი.

​მისივე თქმით, პროკურატურასთან პრეტენზიები არ აქვს და ის შესაძლებლობის მაქსიმუმ აკეთებს, რათა სამართლიანობა აღსრულდეს.

ტაბულას საქართველოს პროკურატურაში უთხრეს, რომ ბრალდების მხარე საქმის განხილვის დროულად დასრულებისთვის მზადაა.

"ბრალდების მხარეს გამოძიების საწყის ეტაპზევე მკაცრი პოზიცია ჰქონდა გრიგოლ ბაკურაძის მიმართ, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ იგი ქმედების ჩადენის დღესვე იქნა დაკავებული. გრიგოლ ბაკურაძის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად მოთხოვნილი იქნა პატიმრობა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს გამოყენების შესახებ, ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. გამოძიების დაწყების დღიდან ბრალდების მხარეს აქტიური კომუნიკაცია აქვს დაზარალებულ მხარესთან და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს მისი ინტერესების დასაცავად. ყველა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ ხდება მოწმეების, ასევე სხვა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა და მზადაა საქმის განხილვის დროულად დასრულებისთვის", - ამბობენ უწყებაში.

დეა გოშხეთელიანის საქმე

ყოფილი ცოლისა და მისი მამის ცემაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძე 3 იანვარს დააკავეს, 5 იანვარს კი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. შედეგად, 12 იანვარს, ბაკურაძეს, რომელმაც ყოფილი ცოლი და მისი მამა არასრულწლოვნების თანდასწრებით სცემა, პატიმრობა შეეფარდა და ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

დეა გოშხეთელიანი ტაბულასთან ყვება, რომ გრიგილ ბაკურაძესთან ქორწინებაში წელიწადისა და 10 თვის განმავლობაში იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, ხდებოდა როგორც ფსიქოლოგიური და ეკონომიკური, ისე ფიზიკური ძალადობა.

"ფიზიკური ძალადობა იყო ფეხმძიმობის დროსაც. მეორე ფეხმძიმობისას მუცელი მომეშალა ძალადობის ფონზე ნერვიულობის გამო. ძალიან ბევრჯერ ვცადე პოლიციისთვის მიმემართა, მაგრამ მართმევდა ტელეფონს, მიკეტავდა კარებს და ახდენდა ფსიქოლოგიურ "დამუშავებას" - მაშინებდა, მემუქრებოდა, თვითშეფასებას მიდაბლებდა, მარწმუნებდა, რომ არარაობა ვიყავი და პოლიცია ვერაფრით დამეხმარებოდა, სამართალი ჩემ მხარეს არ იყო და მე დამიჭერდნენ, ფსიქიატრიულში გამომკეტავდნენ, გიჟის სტატუსს მომანიჭებდნენ", - ყვება დეა.

გარდა ამისა, დეა გოშხეთელიანი ამბობს, რომ გრიგოლ ბაკურაძეს სახლში რამდენიმე სახის იარაღი აქვს.

"სახლში ჰქონდა იარაღები, მათ შორის საკუთარი ხელით ნაკეთი უწვრილესი დანა, რომელიც, მისი თქმით, იწვევს შინაგან სისხლდენას და ადამიანის ძალიან მალე სიკვდილს; შევსწრებივარ ფაქტს, როცა მამამისმა (გოჩა ბაკურაძემ) ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოუგზავნა რაღაც წამალი, რომელიც ქაღალდებში იყო საგულდაგულოდ გახვეული და გააფრთხილა - ეს არსად აჩვენო, ურეცეპტოდ არ გაიცემაო. ჰქონდა მცდელობა, რომ ძალდატანებით ჩემთვის დაელევინებინა უცნობი წამლები", - წერს გოშხეთელიანი ფეისბუქზე.

დაშორებიდან 6 თვის შემდეგ, 3 იანვარს, ყოფილი ქმარი, მასთან სახლში მივიდა და წლის და 8 თვის ბავშვის თანდასწრებით ის და მამამისი სცემა. გოშხეთელიანმა პატრულში დარეკა, რის შემდეგაც ბაკურაძე დააკავეს, თუმცა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"მას ჰქონდა მამაოს რეკომენდაცია, მეზობლების და სამსახურის დახასიათება", - ამბობს დეა გოშხეთელიანი.

ის არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილება ყოფილი მამამთილის გავლენებს უკავშირდებოდეს. გოჩა ბაკურაძე ამ დროისთვის ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორია, მანამდე კი, როგორც გოშხეთელიანი ამბობს, ქუთაისის პოლიციის უფროსი იყო.

ძალადობის მსხვერპლი ყვება, რომ ყოფილი მამამთილი ხშირად საუბრობდა ხელისუფლებაში ნაცნობების შესახებ, მათ შორის, ხაზს უსვამდა შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებთან მეგობრობას.

გოჩა ბაკურაძემ კი სხდომათა დარბაზში შვილის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მისი შვილი თავს იცავდა.

"ყველაფერს ვერიდებოდით. ამიტომ, ალბათ აწი, ჩემი შვილი თანხმობით რა თქმა უნდა, არაფერს არ მოვერიდებით, იმიტომ, რომ არ დაიტოვა არც დეა გოშხეთელიანმა და არც მისმა ოჯახმა არავითარი უკან დასახევი გზა. ამიტომ, რეალობა ყველაფერი ითქმება - რატომ, რის საფუძველზე მოხდა ეს და ეს არი იყო ძალადობრივი ქმედება, პირიქით, ეს იყო ჩემი შვილის მხრიდან თავის დაცვის მექანიზმი, რომლის საბუთები რა თქმა უნდა სასამართლოზე, არსებითი განხილვის დროს, ყველაფერი იქნება", - აცხადებს ბაკურაძე მედიასთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულია "ყველა იარაღი, რომელიც ბრალდებულს გააჩნდა".

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას - ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე, ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაკურაძეს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასაც ედავება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 6 თებერვალს ქუთაისის პოლიციამ დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. საქართველსო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზეზად Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტები სახელდება, რომელიც ქმრის მიერ ძალადობის მსხვერპლი ქალის ყოფილმა მამამთილმა ფსიქოლოგიურ ძალადობად შეაფასა. საია-ს ინფორმაციით, ძალადობის მტკიცებულებად პოლიციამ ის სტატუსი გამოიყენა, სადაც დეა წერდა, რომ წლების მანძილზე ყოფილი ქმრის ოჯახის მხრიდან ძალადობას განიცდიდა. სტატუსი ქუთაისის პოლიციამ ყოფილი მამამთილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად მიიჩნია. საია-მ ორდერთი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ იგი ძალაში დატოვა. 

დაკავებული გრიგოლ ბაკურაძის 9-თვიანი პატიმრობის ვადა ოქტომბერში ეწურება. იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილ ორ თვეში საქმეზე არსებითი განხილვა არ დასრულდება, ის საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

კომენტარები