მედიცინა

ახალი კვლევის თანახმად, მარილი არც ისე მავნეა, როგორც მიიჩნეოდა

0 კომენტარი

სუფრის მარილი შესაძლოა არც ისე მავნე იყოს ჯანმრთელობისთვის როგორც გვეგონა. ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის თანახმად, კამპანიები, რომლებიც იმისკენ იყო მიმართული, რომ მოსახლეობაში მარილის მოხმარება შეემცირებინათ, მხოლოდ ისეთ მაღალი მოხმარების მქონე ქვეყნებშია ეფექტური, როგორებიცაა ჩინეთი.

ჩინეთი სოიოს სოუსის მაღალი მოხმარებით გამოირჩევა, ამის გამო სუფრის მარილის მოხმარების დონე დღეში საშუალოდ 12 გრამია, რაც დღეში 5 გრამი ნატრიუმის მიღების ტოლფასია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, სასურველია ნატრიუმის მიღების შემცირება დღეში მაქსიმუმ ორ გრამამდე (დაახლოებით 5 გრამი მარილი), რადგან სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება იწვევს არტერიული წნევის ზრდას, რომელიც ინსულტის გაზრდილ რისკში გამოიხატება. თუმცა,ამის საპირისპიროდ, ახალი კვლევა ამბობს, რომ არცერთ ქვეყანას არ მოუხერხებია მოსახლეობაში მარილის და ნატრიუმის მოხმარების ასეთ დაბალ დონემდე დაყვანა. კვლევის ავტორების თქმით, უაზრობაა მარილის მოხმარების შემცირების კამპანიები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მარილის ძალიან მცირე რაოდენობით მიღება დაკავშირებულია ინფარქტის გაზრდილ რისკთან, მარილის ზომიერი მოხმარება კი სასარგებლოც კია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. 

კვლევაში 90 000-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული და 18 ქვეყნის 300 განსხვავებულ საზოგადოებაში ჩატარდა. მას მალევე მოჰყვა კრიტიკა სხვა მეცნიერების მხრიდან, რომლებიც მარილის მოხმარების შემცირების კამპანიებში აქტიურად არიან ჩართულები. კრიტიკოსების მტკიცებით, კვლევაში შარდში ნატრიუმის დონე კარგად არ გაუზომავთ და აუცილებელია ნატრიუმის დონის ყოველ 24 საათში ერთხელ გადამოწმება.

King's College-ის დიეტოლოგიის პროფესორი, ტომ სანდერსი ამბობს, რომ მარილის მოხმარების შემცირება ზოგიერთ ქვეყანაში ეფექტური იყო. მაგალითად, მისი მტკიცებით,  ბრიტანეთში სუფრის მარილის მოხმარება ბოლო 30 წლის განმავლობაში 12 გრამიდან 7-8 გრამამდე დაეცა, რასაც მოსახლეობის საშუალო არტერიული წნევის შემცირება მოჰყვა. ის ასევე მიიჩნევს, რომ 1970-იან წლებში, იაპონიაში მარილის მოხმარების შემცირებამ ინსულტების რაოდენობა შეამცირა. 

კვლევაზე კომენტარი გააკეთა ჰიპერტენზიის მართვის რამდენიმე ექსპერტმა. მათი თქმით, მარტივი არაა დაარწმუნო ადამიანები, რომ ნაკლები მარილი მიიღონ. მათ არგუმენტად მოიყვანეს სერ ჯორჯ პიკერინგის მიერ ნახევარი საუკუნის წინ გამოთქმული ციტატა: "მკაცრი, დაბალი ნატრიუმის დიეტა უგემური, უმადობის გამომწვევი, მონოტონური, აუტანელი და ხშირად მიუღებელია. გარდა იმისა, რომ ის რელიგიური ფანატიკოსის ასკეტიზმს მოითხოვს."

კვლევაში, მეცნიერებმა ნატრიუმთან ერთად ადამიანების შარდში კალიუმის დონეც განსაზღვრეს, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომია, რადგან დიდი ოდენობით გვხვდება ხილში და ბოსტნეულში და ამცირებს ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა დააავადებების სიხშირეს. კვლევის ავტორების მტკიცებით, მაღალი კალიუმის დიეტა უფრო გონივრული გადაწყვეტილებაა, ვიდრე ნატრიუმის მოხმარების შემცირებისკენ მიმართული აგრესიული კამპანია. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დავით აქუბარდია

კომენტარები