ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 6.5 თეთრით გაუფასურდა - ერთი დოლარი 2.53 ლარი ღირს

კოლაჟი ტაბულა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის ახალი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.53 გახდა, ეს აქამდე არსებულ კურსს 6.5 თეთრით აღემატება. ლარი დღესვე 4.3 თეთრით ევროსთანაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.90 ლარი ღირს. ეს ბოლო წლების განმავლობაში ერთ დღეში მომხდარი ერთერთი ყველაზე მკვეთრი გაუფასურებაა.

დღესვე ახალ ისტორიულ მინიმუმზე დაეცა თურქული ლირას ღირებულება. სავარაუდოდ, ეს გაუფასურებაც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - თურქეთის ეკონომიკის შესახებ გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება. 

ერთი დოლარი 5.95 თურქული ლირა ღირს, რაც ორშაბათს არსებულ კურსს 20%-ით აღემატება.

აშშ თურქეთში დაკავებული პასტორის, ენდრიუ ბრონსონის გათავისუფლებას ითხოვს. ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპის შეფასებით, ბრანსონი უკანონი პატიმარია. ტრამპის ადმინისტრაციამ ინდივიდუალური სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს. აშშ-სა თურქეთს შორის დაძაბულობას ამერიკის მიერ თურქულ პროდუქციაზე სავაჭრო ბარიერების დაწესებაც ზრდის. 

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და რეგიონის ერთერთი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, შესაბამისად ლირას გაუფასურება რეგიონის ქვეყნებისთვისაც ნეგატიური სიგნალის მატარებელია.

ლირას გარდა უფასურდება რუსული რუბლიც. 

კომენტარები