თურქეთი

თურქეთმა ლირას გაუფასურების შესახებ facebook კომენტარებზე გამოძიება დაიწყო

Reuters

"პროვოკაცია და ნეგატიური მოლოდინების დათევსვა" თურქეთის მთავრობამ სოციალურ ქსელებში დაწერილ პოსტებსა და კომენტარებზე გამოძიება დაიწყო. Rueters-ის ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთო ჯამში 346 facebook მომხმარებლის ანგარიშის შესწავლა დაიწყო. თურქული პოლიცია სოციალურ ქსელებს თვალს ლირას რეკორდული გაუფასურების დაწყებიდანვე ადევნებს. 

თურქეთში პანიკური ვაჭრობაა - ლირა რეკორდული ტემპებით უფასურდება. Bloomberg-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ერთი დოლარი 7.05 ლირა ღირს, სულ რაღაც ერთი კვირის წინ კურსი 5.03-ს შეადგენდა, ერთი თვის წინ კი 4.86-ს. 

მთელი თურქეთის მასშტაბით სავალუტო ჯიხურების წინ რიგებია, მოსახლეობა უფრო დიდი გაუფასურების შიშით საკუთარ დანაზოგებს ევროსა და დოლარებზე ცვლის. 

ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი კი მოსახლეობას მოუწოდებს, პირიქით გაყიდონ დოლარები და ლირები შეიძინონ. 

სავალუტო კრიზისის პიკთან ერთად, გაზრდილია ინფლაციური მოლოდინიც. მხოლოდ გასულ თვეს ფასების მატებამ 16% შეადგინა. 

ერდოღანი ლირას ვარდნის და გაზრდილი ინფლაციის ფონზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ეწინააღმდეგება. მას სურს, რომ საპროცენტო განაკვეთები დაბალ ნიშნულზე დარჩეს, რათა ამით ეკონომიკური ზრდა წახალისდეს. თუმცა, აღნიშნული მიმართულება დიდ რისკებს შეიცავს, რაც მომავალში კიდევ უფრო გაზრდილ ინფლაციაში შეიძლება აისახოს.  

სავალუტო კრიზისის ესკალაცია ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის დაძაბვამ გამოიწვია. 

აშშ თურქეთში დაკავებული პასტორის, ენდრიუ ბრონსონის გათავისუფლებას ითხოვს. ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპის შეფასებით, ბრანსონი უკანონი პატიმარია. ტრამპის ადმინისტრაციამ ინდივიდუალური სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, "არ დაგავიწყდეთ, რომ თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი. შეხედეთ სად ვიყავით 16 წლის წინ და სად ვართ ახლა."

კომენტარები