უბედური შემთხვევა

გომბორზე მომხდარი ავარიის ფაქტზე მძღოლს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ინტერპრესნიუსი

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძღოლს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

"თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევაში, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ბ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი მგზავრი, ხოლო თერთმეტმა  ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ ავტომობილს მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, მძიმე დაზიანება და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"თელავის რაიონულმა სასამართლომ ბ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები