ფოტოგრაფია

რატომ გვეჩვენება საკუთარი თავი განსხვავებული სარკეში და ფოტოებზე?

ოდესმე დაინტერესებულხართ, რატომ განსხვავდება თქვენი ფოტოებზე აღბეჭდილი სახე იმ გამოსახულებისგან, რასაც სარკეში ხედავთ?

საქმე ისაა, რომ ხშირად სელფებში თუ სხვის მიერ გადაღებულ ფოტოებში ადამიანებს საკუთარი თავი ოდნავ, მაგრამ მაინც „სხვანაირი“ ეჩვენებათ.

ეს, შესაძლოა, რამდენიმე მიზეზით აიხსნას:

ჩვენ სარკისებურ გამოსახულებას ველით

ერთერთი მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ფოტოები, როგორც წესი, იმის შემოტრიალებულ გამოსახულებას გვიჩვენებს, რასაც სარკეში ვხედავთ. როდესაც საკუთარ თავს ტელეფონით ფოტოს უღებთ, უმეტესად, კამერა თქვენს სახეს ისე იღებს, როგორც მას სხვები ხედავენ. იგივე ითქმის ფოტოაპარატებზე.

საკუთარი თავის შემოტრიალებული გამოსახულება ცოტათი უცნაურია, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ჩვენი სახეები ზედმიწევნით სიმეტრიული არ გახლავთ. ზოგიერთი შტრიხი ან სახის დამახასიათებელი ნაწილი ისე არ არის განლაგებული, როგორც ამას სარკეში მივეჩვიეთ.

ჩვენ ნაცნობი სახე მოგვწონს

საკუთარი თავი ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი სწორედ ისეთია, როგორსაც მას სარკეში ვხედავთ, ამიტომ, მისი ეს ვერსია ყველაზე მეტად მოგვწონს (თუ ჩავთლით, რომ სიმართლეს შეესაბამება თეორია, რომლის მიხედვით, თუ რაიმეს განმეორებითად ვხედავთ, ის უფრო მოგვწონს).

გარდა ამისა, სარკეში ყურებისას სახის იმ ნაწილზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომელიც უფრო მოგვწონს. თანაც, ფოტოებისგან განსხვავებით, სარკეში საკუთარ თავს მოძრაობაში ვხედავთ - თუ ფოტოზე ყველა მოკროსკოპულ „ნაკლს“ გულდასმით ვაკვირდებით, სარკეში ამას, როგორც წესი, ვერ ვახერხებთ. ამასთან, თუ მაინცდამაინც გამადიდებელ სარკეში არ ვიყურებით, საკუთარ გამოსახულებას ისე ვერ ვადიდებთ ახლოს დასაკვირვებლად, როგორც ამაზე ფოტოზე ვშვრებით.

მიზეზი ხანდახან ტექნიკურიცაა

ფოტოაპარატის სხვადასხვა ლინზაში ჩვენც განსხვავებულად ვჩანვართ. კამერასთან ახლოს ყოფნაც თავისას შვრება - ლინზასთან მიახლოებული ნაწილები, მაგალითად, ცხვირი, ფოტოში მეტად გამოკვეთილია. სელფის გადაღებისას კი, როგორც წესი, კამერასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე მაშინ, როდესაც ფოტოს სხვა გვიღებს.

საბოლოო ჯამში, უფრო მეტად სწორედ ისეთები ვართ, როგორიც ფოტოებში ვჩანვართ და ეს ცუდი სულაც არ არის. მეტიც, ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ სხვებს ჩვენი მათ მიერ დანახული ვერსია უფრო მოსწონთ, ვიდრე ის გამოსახულება, რასაც სარკეში ვხედავთ.

 

*მომზადებულია huffingtonpost-ის სტატიის მიხედვით

კომენტარები