აზიური ფაროსანა

გარემოს დაცვა: აზიური ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა

USDA

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში "მნიშვნელოვნად შემცირდა აზიური ფაროსანას პოპულაცია". უწყება აღნიშნავს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა.

"გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის პოპულაცია. ქვეყანაში მავნებლის გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა, მავნებელი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფიქსირდება. მოსახლეობის და ფერმერების ის ნაწილი, რომელიც ჩართული იყო როგორც მავნებელთან, ასევე, სოკოვანი და  ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და რომელმაც გაითავისა, რომ შედეგის მისაღწევად, მათი აქტიურობა გადამწყვეტია, წელს თხილის გაცილებით უკეთესი მოსავალი აქვს" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ "სახელმწიფოს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ქიმიური წამლობის პარალელურად, მოსახლეობა უნდა ახდენდეს თხილის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას, რათა არ ჩამოყალიბდეს თხილის გულის სიდამპლე და მიიღოს ხარისხიანი მოსავალი".

უწყების განცხადებით, მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებისთვის, წელს 2017 წელთან შედარებით, მობილიზებულია 10-ჯერ მეტი სპეციალიზებული ტექნიკა (150 ერთეული) და გამოყოფილია გაზრდილი საბიუჯეტო რესურსი.

"იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო მილიონობით ლარს ხარჯავს წამლობის ღონისძიებებში, გონივრულ აზრსაა მოკლებული ფერმერების გარკვეული ჯგუფის მიერ კომპენსაციასთან დაკავშირებული განცხადებები" - აღნიშნავს სამინისტრო.

საქართველოში ფაროსანა პირველად 2015 წელს გამოჩნდა, მაშინ ამ მავნებელს სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია. 2016 წლის ოქტომბერში ფაროსანამ მედიის ყურადღება პირველად მიიპყრო. მაშინ სამინისტრომ განაცხადა რომ ამ მავნებელთან ბრძოლას 2017 წლიდან დაიწყებდა.

იმის გამო რომ ფაროსანა ძალიან მაღალი ტემპით მრავლდება - ერთი ფაროსანა 200 კვერცხს დებს, 2017 წელს დაწყებული საწინააღმდეგო კამპანია დაგვიანებული აღმოჩნდა და მისმა შემოსევამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. 

კომენტარები