საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს მოქალაქე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირს დაუკავშირდა და მოტყუებით დაარწმუნა, რომ 5 ათასი დოლარის სანაცვლოდ ბინას გადასცემდა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, მოიპოვა მისი ნდობა და მოტყუებით დაარწმუნა, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მაღალი რანგის სხვადასხვა თანამდებობის პირის დახმარებით, საკუთრებაში გადასცემდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ 4-ოთახიან ბინას", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ბრალდებული თანხის ნაწილის, 3 ათასი დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს. მას ბრალად ედება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.