სამსახურებრივი გულგრილობა

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ყოფილი ტყის მცველი დააკავეს

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე 13 აგვისტოს ყოფილი ტყის მცველი, ბ.ნ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბ.ნ. 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის დარბაზის N2 სამცველოს ტყის მცველად მუშაობდა, იყო მოხელესთან გათანაბრებული პირი და მის ძირითად მოვალეობაში მასზე ჩაბარებული ტყის დაცვა შედიოდა. პროკურატურის განცხადებით, მან დაკისრებული მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

"კერძოდ კი 2018 წლის იანვარსა და თებერვალში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ბ.ნ.-ს სამოქმედო ტერიტორიაზე 2300 კბმ - 3026 ძირი უკანონოდ მოჭრილი სხვადასხვა ჯიშის ხე გამოავლინეს, რის შედეგადაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 287 200 ლარი შეადგინა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა, მათ შორის საჯარო მოხელეთა მხილების მიზნით.

უწყება ფაქტს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.

კომენტარები