თურქეთი

თუ მათ აქვთ iPhone, ჩვენ გვაქვს Vestel-ი - ერდოღანი ამერიკულ ტექნიკაზე ბოიკოტს აანონსებს

Reuters

თურქეთმა შესაძლოა ამერიკულ ელექტროტექნიკას სავაჭრო ბარიერები დაუწესოს, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ანკარაში გამართულ სამიტზე ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი ამერიკულ ნაწარმს ადგილობრივი პროდუქციის ჩაანაცვლებს. 

"თუ მათ აქვთ iPhone, ჩვენ გვაქვს Vestel-ი. ჩვენ ვაპირებთ ვაწარმოოთ პროდუქცია ჩვენთვის. ბაზარს უნდა მივაწოდოთ იმპორტულზე უფრო მაღალი ხარისხის ნაწარმი,"- თქვა ერდოღანმა. 

ერდოღანმა საკუთარ გამოსვლაში აშშ თურქეთის წინააღმდეგ მიზანმიმართულ სავაჭრო ომში დაადანაშაულა. 

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა სახე ექნება ამ შეზღუდვებს, იქნება ეს ემბარგო, კვოტა თუ ტარიფები. მაგრამ თუ ანკარა ამერიკულ იმპორტს ასეთ ბარიერებს მაინც დაუწესებს, ამით ქვეყანა საკუთარ მოსახლეობას იმპორტული პროდუქციის შეძენის შესაძლებლობას გაურთულებს. ამავდროულად, ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში მაღალია ალბათობა ამას აშშ-დან საპასუხო სანქციები მოჰყვეს.

აშშ-ის მხრიდან საპასუხო სანქციები მაღალი ალბათობით ლირას რეკორდულად გაუფასურებულ კურსს კიდევ უფრო მეტად გააუფასურებს. 

დღეს ლირა შედარებით გამყარდა, გუშინ ერთი დოლარი 7 ლირა ღირდა, ამჟამად კურსი 6.5-მდე არის ჩამოსული. 

სავალუტო კრიზისის ესკალაცია ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის დაძაბვამ გამოიწვია. 

აშშ თურქეთში დაკავებული პასტორის, ენდრიუ ბრონსონის გათავისუფლებას ითხოვს. ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპის შეფასებით, ბრანსონი უკანონი პატიმარია. ტრამპის ადმინისტრაციამ ინდივიდუალური სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, "არ დაგავიწყდეთ, რომ თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი. შეხედეთ სად ვიყავით 16 წლის წინ და სად ვართ ახლა."

სავალუტო კრიზისის პიკთან ერთად, გაზრდილია ინფლაციური მოლოდინიც. მხოლოდ გასულ თვეს ფასების მატებამ 16% შეადგინა. 

ერდოღანი ლირას ვარდნის და გაზრდილი ინფლაციის ფონზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ეწინააღმდეგება. მას სურს, რომ საპროცენტო განაკვეთები დაბალ ნიშნულზე დარჩეს, რათა ამით ეკონომიკური ზრდა წახალისდეს. თუმცა, აღნიშნული მიმართულება დიდ რისკებს შეიცავს, რაც მომავალში კიდევ უფრო გაზრდილ ინფლაციაში შეიძლება აისახოს.  

მთელი თურქეთის მასშტაბით სავალუტო ჯიხურების წინ რიგებია, მოსახლეობა უფრო დიდი გაუფასურების შიშით საკუთარ დანაზოგებს ევროსა და დოლარებზე ცვლის. 

ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი კი მოსახლეობას მოუწოდებს, პირიქით გაყიდონ დოლარები და ლირები შეიძინონ. 

 

კომენტარები