BASSIANI-ს თანადამფუძნებელი: ვერ ავწონეთ, რომ ფესტივალზე ინფორმაცია ომის 10 წლისთავზე დაიდებოდა

ტატო გეთია

კლუბ BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტატო გეთია ფეისბუქზე წერს, რომ 15 სექტემბერს მოსკოვში Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე კლუბის რეზიდენტების მონაწილეობაზე გადაწყვეტილება აპრილში მიიღეს, თუმცა ვერ გაითვალისწინეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ომის 10 წლისთავის პერიოდში დაიდებოდა.

"რატომ დაიდო 9 აგვისტოს? პირველ რიგში გეტყვით რომ დიახ, ეს ჩვენი სერიოზული ხარვეზია თუმცა ყველა ადამიანები ვართ, როდესაც აპრილში ეს ბუქინგი მოხდა ვერ ავწონეთ რომ 15 სექტემბრის ფესტივალი შეიძლება ზუსტად ომის 10 წლისთავის მიდამოებში დადებულიყო და შესაბამისად კომუნიკაციაც არ მოხდა ჩვენი მხრიდან ორგანიზატორებთან. რატომ დავაქენსელეთ? მიუხედავად უდიდესი ღვარძლისა, ზიზღისა, არათანამიმდევრულობისა, ბევრი იყო გულახდილი კრიტიკა და წყენა საზოგადოებისგან, თანამოაზრეებისგან, ნაცნობებისგან, მეგობრებისგან. ასევე, გარკვეული ძალებისგან წამოვიდა სერიოზული ისტერიული ტალღა, გაშუქდა ტელევიზიებში. მოკლედ, ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა თემას - საუბრები, სხვადასხვა ინტერპრეტაციები გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. დიდი გახდა იმ ადამიანების რაოდენობაც ვისაც არასდროს არანაირი შეხება არ ქონია ამ სფეროსთან და ვერც გაიგებდა ან განასხვავებდა მის სპეციფიკას, და მხოლოდ ბასსიანი+რუსეთი ხვდებოდა ყურში, რაც ერთმნიშვნელოვნად პროტესტის გრძნობას იწვევდა მათში (გასაგებია, რუსეთი ყველაზე დიდი მტერი და ბოროტებაა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არამარტო ტერიტორიების ოკუპაციაში აისახება). რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მეგობრებს და ჯანსაღი კრიტიკა ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია როგორც გულახდილი აზრი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადავწყვიტეთ გაგვეთვალისწინებინა ეს ყოველივე", - წერს ტატო გეთია.

ის ბოდიშს უხდის "ბასიანის" რეზინდენტებს და ამბობს, რომ ისინი ნამდვილად არ იმსახურებენ "იმ ღვარძლს და ტალახს, რაც მათ ბოლო დღეებში მოხვდათ".

ტატო გეთია ფესტივალში BASSIANI-ის მონაწილეობის შესახებაც აკეთებს განმარტებას.

"რატომ მივდიოდით? იმიტომ რომ რომ ეს სცენა რადიკალურად განსხვავებულია ტიპიური შოუ-ბიზნესისგან, მასთან დაკავშირებული ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო საერთო ღირებულებები აერთიანებთ ვიდრე საზღვრები. ეს კონკრეტული ხალხიც გვერდში გვედგა თუნდაც მაისის მოვლენების დროს და მათ გაცილებით მძიმე პრობლემები აქვთ ამ კუთხით საკუთარ ქვეყანაში. არაფერს ვამბობ თუ რა ხდება რუსეთში ლგბტქ თემის ირგვლივ", - წერს ის.

ტატო გეთია ასევე აღნიშნავს, რომ ისევე როგორც სხვა ქართველ DJ-ებს, "ბასიანის" არტისტებს წლების მანძილზე არაერთხელ დაუკრავთ რუსეთში და კერძოდ, მოსკოვშიც. ის განმარტებას აკეთებს ჰონორარების შესახებაც.

"არც კლუბს და არც ლეიბლს შემოსავალი (გარდა ამ ჰონორარების 15%-ის) არცერთი შოუქეისიდან არ აქვს, იქნება ეს ბელგრადი, შტუდგარტი, ოსლო, მეხიკო, სანქტ-პეტერბურგი თუ მოსკოვი. ამაზე საუბარი რომ მიწევს უხერხულია, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვა აქვს, ვინაიდან ბევრმა უბრალოდ არ იცის რომ ეს ძალიან სპეციფიკური სფეროა და ბევრიც ვერც რესტორანისგან ანსხვავებს", - წერს გეთია.

BASSIANI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ასევე კლუბის რეზიდენტების ფესტივალში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოების რეაქციასაც ეხმაურება.

"ზოგადად ჩემს დამოკიდებულებას რუსეთთან და პუტინთან არც დავწერ, 28 წლის მანძილზე ჯერ არ დამჭირვებია მცირედის მტკიცებაც, და არც ეხლა ვთვლი საჭიროდ.

ასეა თუ ისეა, ხვალ და ზეგ რომ ქუჩაში გამოვალ, არის ადამიანების კატეგორია ვისთვისაც სამშობლოს მოღალატე გამოვდივარ, საინტერესო როლია. რუსულ დაზვერვაზეც დიდი აზრის ვყოფილვართ, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი ფულზე გავიყიდეთ თუ თავიდანვე დაპროგრამებული იყო.

მე არ მიჭირს ხოლმე საწინააღმდეგო აზრის მოსმენა და კონსტრუქციული კრიტიკის მიღება, პირიქით, ისედაც ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს კითხვებს - ყველა სხვა მიდგომა ჩიხი მგონია, მაგრამ რასაც ბოლო პერიოდში აქ ვუყურებ, უბრალოდ სიტყვებიც კი ზედმეტია.

პ.ს. მსგავსი მონდომებით და ძალისხმევით საკუთარ ხელისუფლებას რომ ვთხოვდეთ რაღაც-რაღაცეებს როგორც ბასსიანს, უკეთეს სახელმწიფოში ვიცხოვრებდით. ეს კაია თუ ცუდი, ჯერ კიდევ ვფიქრობ", - წერს ტატო გეთია.

ინფორმაცია, რომ კლუბ ბასიანის რეზიდენტები 15 სექტემბერს მოსკოვში Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავდნენ, 9 აგვისტოს გავრცელდა

ფესტივალის ოფიციალური გვერდის ცნობით, ბასიანის გუნდი მოსკოვში, მის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ეროლ გელბახიანთან ერთად ჩაფრინდება იმისთვის, რომ თბილისური ტექნო-ჩვეულებების "თავისუფლებისმოყვარე ატმოსფერო გააცოცხლოს". 

Red Bull Music Festival Moscow წერდა, რომ "მოსკოველების წინაშე წარსდგებიან" კლუბის რეზიდენტები: Bassiani Records-ის არტდირექტორი თორნიკე Kvanchi კვანჭიანი, დიტო Mercurrio ჩიქოვანი, Zurkin და ზუკა ბაბუნაშვილი, ფსევდონიმით Zesknel.

10  აგვისტოს კი BASSIANI-მა მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. კლუბი აღნიშნავდა, რომ ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულია გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ კლუბ BASSIANI-ის რეზიდენტებმა 26 მაისს, პეტერბურგში დაუკრეს.

კომენტარები