მკვლელობა ხადას ხეობაში

ადვოკატი: ექსპერტიზის დასკვნით, სმიტების მკვლელობაში ბრალდებული ჯანმრთელია

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ ექპერტებთან ზეპირსიტყვიერი გასაუბრებიდან გამომდინარე, მალხაზ კობაური ჯანმრთელია.

"ექსპერტებთან ზეპირსიტყვიერი გასაუბრებიდან გამომდინარე, ფაქტიურად, გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ბატონი კობაური არის ჯანმრთელი. მალხაზმა ისაუბრა ფაქტიურად დეტალურად იმ ფაქტთან დაკავშირებით, იმ დღესთან დაკავშირებით, როცა ეს უბედური შემთხვევა მოხდა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკური პასუხები გასცა", - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს დაიღუპა. დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაური დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება. კობაური წინასწარ პატიმრობაშია, ის ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები