ფულადი გზავნილები

ივლისში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილი შემოვიდა

REUTERS

2018 წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო ფულადი გზავნილების სახით $144.2 მილიონი შემოვიდა. ეს 2013 წლის შემდგომ ერთ თვეში შემოსული ფულადი გზავნილების მაქსიმალური მაჩვენებელია. $144 მილიონზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ - 2013 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, მაშინ გზავნილების მოცულობა $156 მილიონი იყო. 

ფულად გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც $43 მილიონი შემოვიდა, ეს წინა წელთან შედარებით 2%-ით მეტია. ამ თანხის უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.

გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, თურქეთიდან ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. 

ფულადი გზავნილების მიხედვით წამყვანი ქვეყნების ათეული:

  1. რუსეთი - $43 მილიონი
  2. იტალია - $16.3 მილიონი
  3. საბერძნეთი - $15 მილიონი
  4. აშშ - $14.9 მილიონი
  5. ისრაელი - $13.4 მილიონი
  6. თურქეთი - $10.2 მილიონი
  7. ესპანეთი - $4.2 მილიონი
  8. გერმანია - $3.5 მილიონი
  9. უკრაინა - $2.7 მილიონი
  10. პოლონეთი - $1.8 მილიონი

2018 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში ჯამში $888 მილიონი ჩამოირიცხა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 18%-ით აღემატება. 

ფულადი გზავნილები ექპორტთან, ტურიზმთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთერთი მთავარი წყაროა. გზავნილებთან ერთად ზრდით ხასიათდება უცხოური ვალუტის შემოდინების აღნიშნული წყაროებიც. 

გამავალი ფულადი ნაკადებიდან პირველ ადგილზე იმპორტია. 2018 წლის 7 თვეში საქართველოდან იმპორტის სახით $5.1 მილიარდი გავიდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 23%-ით აღემატება. 

კომენტარები