18 წლის ქეით სტაბელფილდმა თვითმკვლელობა 2014 წლის 25 მარტს სცადა. მან იარაღიდან საკუთარი სახის მიმართულებით გაისროლა, ქეითი გადარჩა, თუმცა უმძიმესი დაზიანებები მიიღო.
ექიმების თქმით, 18 წლის გოგომ შუბლის ნაწილი, ცხვირი, პირის უდიდესი ნაწილი, ყბა და ერთ-ერთი თვალი დაკარგა.
3 წლის განმავლობაში ქეით სტაბელფილდი საავადმყოფოში მკურნალობდა, 21 წლის ასაკში კი ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც სახის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარდა.
"მისი ტვინი აფეთქებული იყო, ჩვენ ვსაუბრობთ დაზიანებებსა და ინფექციებზე. დაივიწყეთ სახის ტრანსპლანტაცია, აქ საუბარი უბრალოდ სიცოცხლის გადარჩენაზეა", - უთხრა ერთ-ერთმა ექიმმა National Geographic-ს.
სახის დონორი 31 წლის ქალი იყო, რომელიც ზედოზირებით გარდაიცვალა.
სახის ტრანსპლანტაციის ოპერაცია კლივლენდის საავადმყოფოში 31 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას 11 ქირურგისგან და რამდენიმე სხვა სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი ატარებდა.
ოპერაციის შედეგად ქეით სტაბელფილდს მიეცა საშუალება ისაუბროს უპრობლემოდ, ისუნთქოს, დაღეჭოს და გადაყლაპოს. სამწუხაროდ, მხედველობის აღდგენა ვერ მოხერხდა.