ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

სასტუმრო "ლეოგრანდს" 17 აგვისტომდე აქვს ვადა, სტუმრები გაიყვანოს და საქმიანობა შეწყვიტოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. სამსახურის ცნობით, სასტუმრო სახანძრო-ტექნიკური რეკომენდაციების უმრავლესობას არ ასრულებს.

"სპეციალისტებმა 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი] სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას. გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ამასთან, სპეციალისტების დასკვნით, კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. 

"ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო ამ დროისთვის, კვლავ იღებს სტუმრებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმროს ადმინისტრაციას აძლევს ვადას, 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე გაიყვანოს შენობიდან სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თანამშრომლობას კვლავ განაგრძობს, რათა სასტუმრო „ველმონდის“ ადმინისტრაციამ დროულად გამოასწოროს არსებული დარღვევები. როგორც კი სასტუმროში დაიწყება ვალდებულებების შესრულება, მზად ვართ, უმოკლეს ვადებში მხარი დავუჭიროთ შენობის ექსპლუატაციაში შესვლას" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ბათუმში მდებარე სასტუმრო Leogrand-ში ხანძარი, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. გარდაცვლილთა შორის 10 საქართველოს, 1 კი, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება. აღნიშნული მუხლისთვის მაქსიმალური სანქცია 6-წლიანი პატიმრობაა.

"მერსინ ტურიზმმა" Leogrand-ის მშენებლობაზე $40-მილიონიანი ინვესტიცია ჩადო. სასტუმროში 182 ნომერია, 100-მეტრიან შენობაში კავკასიაში ყველაზე დიდი ფართობის მქონე კაზინოც არის განთავსებული. კომპანიის მფლოებელები თურქეთის მოქალაქეები თოლგა ავგორენი და თილგან არიფაღაოღლუ არიან. ხანძრის შემდეგ, სასტუმროს ადმინისტრაციამ "ლეოგრანდს" სახელი შეუცვალა და "ველმონდი" დაარქვა.

კომენტარები