ტურიზმი

ივლისში ტურისტებმა საქართველოში რეკორდული თანხა - $431 მილიონი დახარჯეს

flickr.com

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ივლისში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა რეკორდული რაოდენობის თანხა - $431 მილიონი დახარჯეს. აქამდე არცერთი თვის განმავლობაში $400 მილიონზე მეტი შემოსავალი საქართველოს ტურიზმიდან არ მიუღია. 

ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, თვის განმავლობაში საქართველოს 1 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა. ამ 1 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 564 ათასი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 15%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

2018 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველომ მთლიანობაში 4.6 მილიონი ვიზიტორი მიიღო, აქედან 2.4 მილიონი ტურისტი იყო. ეროვნული ბანკის კალკულაციის მიხედვით, ამ ადამიანებმა მთლიანობაში $1.79 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ეს 2017 წელთან შედარებით 21%-ით მეტია.

ქვეყნების მიხედვით ვიზიტორთა რაოდენობა ასეთია:

  1. აზერბაიჯანი - 755 ათასი, ზრდა წინა წელთან 10%;
  2. რუსეთი - 696 ათასი, ზრდა წინა წელთან 24%;
  3. თურქეთი - 657 ათასი, ზრდა წინა წელთან 20%;
  4. სომხეთი - 653 ათასი, ზრდა წინა წელთან 2%;
  5. ირანი - 179 ათასი, ზრდა წინა წელთან27%;
  6. უკრაინა - 94 ათასი, - ზრდა წინა წელთან 0.9%;
  7. ისრაელი - 79 ათასი, ზრდა წინა წელთან 34%;
  8. პოლონეთი - 33 ათასი, ზრდა წინა წელთან 34%;
  9. გერმანია - 31 ათასი, ზრდა წინა წელთან 47%;
  10. ყაზახეთი - 30 ათასი, ზრდა წინა წელთან 23%.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 1.9 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სასტუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 66 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასში 17.9 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის სასტუმროებში კი 12.1 ათასი საწოლია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წელს მთლიანობაში ტურიზმის შემოსავლებმა $2.7 მილიარდი შეადგინა. 

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი, სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო, 2017 წელს ზრდის ტემპმა 18.7%-ს მიაღწია. ჯამში 2017 წელს საქართველომ 7.5 მილიონი ვიზიტორი მიიღო. 

კომენტარები