არასრულწლოვნით ვაჭრობა

ახალშობილის 1000 ლარად გაყიდვის ბრალდებით, ბავშვის დედა და ბებია დააკავეს

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1989 წელს დაბადებული ლ.შ. მშობიარობის შემდეგ ახალშობილი შვილის გაყიდვას აპირებდა. იგი, დედასთან - 1960 წელს დაბადებულ ლ.შ.-სთან ერთად, ბავშვის შეძენის მსურველებს ეძებდა, რომლებთანაც, თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა.

"დედა-შვილმა ახალშობილი სამშობიაროდან გამოწერის დღესვე, 1000 ლარის სანაცვლოდ გაყიდეს. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მყიდველის მიერ თანხის გადაცემის დროს დააკავეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაყიდვას გულისხმობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები