საქართველო-ირანი

ირანი თბილისის აეროპორტში ირანელი ქალებისადმი არასათანადო მოპყრობას აპროტესტებს

0 კომენტარი
თბილისის აეროპორტი

ირანი თბილისის აეროპორტში მისი მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობას აპროტესტებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ პირველადი შესწავლით მსგავსი რამ არ დასტურდება.

რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ცნობით, ირანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ნოტაში ნათქვამია, რომ თბილისი-იპაანის რეისის მგზავრ რამდენიმე ქალს თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების ოფიცრებმა ჰიჯაბის მოხდა მოსთხოვეს.

Radiofarda-ს ინფორმაციით, ეს 7 აგვისტოს მოხდა. ამავე ცნობებით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ბაქრამ ქასემმა 16 აგვისტოს თქვა, რომ მომხდარის გადასამოწმებლად საქართველოში ირანის ელჩმა რეისის რამდენიმე მგზავრს დაურეკა, შემდეგ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს „მკაცრი“ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ახსნაგანმარტების მოთხოვნით ნოტა გაეგზავნა თეირანში საქართველოს ელჩსაც.

ქასემისვე თქმით, ირანმა მოუწოდა საქართველოს შესაბამის უწყებებს, თავიდან აიცილონ მსგავსი ინციდენტის გამეორება და დაავალონ აეროპორტის უსაფრთხოებას, დაიცვან „მუსლიმი ქალების ღირსება“.

ოფიციალური თბილისი ბრალდებებს 18 აგვისტოს გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პირველადი მონაცემებით, რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ გამოვლენილა:

„ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების ოფიცერთა მიერ მგზავრთა გადამოწმების პროცედურების შესწავლა. პირველადი მონაცემებით და გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა. აღნიშნულის შესახებ ირანის მხარეს უკვე ეცნობა“.

უწყებისვე ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულია შეხვედრა ირანის ელჩთან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნიკა მაჭუტაძე

კომენტარები