რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი: ეკონომიკაზე თავდასხმა ლოცვისაკენ მოწოდებაზე ან დროშაზე თავდასხმას უდრის

Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ეკონომიკაზე თავდასხმა მის დროშაზე ან აზანზე (ისლამში ლოცვისაკენ მოწოდება) თავდასხმას შეადარა.

ორშაბათს გავრელდა 'იდ ალ ადჰას დღესასწაულისათვის წინასწარ ჩაწერილი მიმართვა, რომელშიც ერდოღანი ამბობს, რომ სავალუტო კრიზისი მიზნად "თურქეთის და მისი ხალხის დაჩოქებას" ისახავს.

"ჩვენს ეკონომიკაზე თავდასხმა არაფრით განსხვავდება ჩვენს ლოცვისაკენ მოწოდებაზე ან ჩვენს დროშაზე თავდასხმისაგან. მიზანი იგივეა. მიზანი არის თურქეთის და თურქი ხალხის დაჩოქება, მისი დატყვევება." "ვისაც ჰგონია, რომ თურქეთი სავალუტო კურსის გამო დანებდება მალე ნახავს, რომ ცდება." ამბობს ერდოღანი სატელევიზიო მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, უცნობმა პირებმა აშშ-ს საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს. 

Reuters-ის ინფორმაციით, ინციდენტი დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა. თვითმხილველების ცნობით, ავტომობილიდან, რომელმაც საელჩოსთან ჩაიარა და ათათურქის ბულვარის მიმართულებით მოძრაობდა, რამდენჯერმე გაისროლეს. ტყვიები დაცვის ჯიხურს მოხვდა. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.

თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა თავდასხმა დაგმო და ქაოსის შექმნის მცდელობად შეაფასა.

თურქული ლირა გაუფასურებას აგრძელებს. სავალუტო კრიზისის ესკალაცია ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის დაძაბვამ გამოიწვია.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პასტორ ენდრიუ ბრანსონის დაკავებასთან კავშირის გამო თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტივენ მნუჩინის თქმით, თუ თურქეთი დაკავებულ ამერიკელ პასტორს არ გაათავისუფლებს, აშშ-ს დამატებითი სანქციები მზად აქვს.

ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები