საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

უზენაესის თავმჯდომარეობის კანდიდატზე პრეზიდენტსა და NGO-ებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესარჩევად მიმდინარე კონსულტაციებში პრეზიდენტსა და არასამთავრობო სექტორს შორის შეთანხმება ვერ შედგა. 

როგორც დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, გიორგი მარგველაშვილმა NGO-ებს სთხოვა თავად წარმოედგინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელსაც მოგვიანებით პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენდა. შეხვედრის მონაწილეების ნაწილი შეთავაზებას არ ეთანხმება.

"თუკი იგი ვინმეს შეარჩევს და გვკითხავს აზრს კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით, ჩვენ მას მივაწოდოთ ჩვენი შეფასება ამ კანდიდატთან დაკავშირებით - ამაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი არის იმაზე, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და კონკრეტულად პრეზიდენტმა ამ ყველაფერზე. არც დროა ახლა იმისთვის, რომ გრძელვადიანი პროცესი შევქმნათ და საბოლოოდ ამ ყველაფერში შემოვიდეს სამოქალაქო სექტორი. ჩვენ ური არ გვითქვამს იმაზე, რომ ჩვენი მოსაზრებები მივაწოდოთ კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში, თუკი პრეზიდენტი ამ კანდიდატს უკვე შეარჩევს", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელი, სოფო ვერძეულის თქმით, კი პრეზიდენტის შემოთავაზება იყო პროფესიულ ჯგუფებს დაესახელებინათ კანდიდატი, რომელსაც პარლამენტში პრეზიდენტი წარადგენდა. ვერძეულის თქმით, ეს ნიშნავს, რომ მას კანდიდატურა არ ჰყავს.

"დროის და სხვა საკითხების გათვალისწინებით, ახლა არ არის მიზანშეწონილი, პროფესიული ჯგუფების მხრიდან დაფორმირდეს რაღაცა ჯგუფი, რომელიც შესაძლო კანდიდატებთან გასაუბრების თუ შერჩევის სხვა ფორმების გამოყენების გზით შეარჩევს კანდიდატს, რომელსაც მერე ტექნიკურად პრეზიდენტი წარადგენს პარლამენტში. ამაზე იყო საუბარი შეხვედრაზე და ჩვენი მხრიდან ეს შემოთავაზება არ იქნა გაზიარებული", - ამბობს ვერძეული.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს.

"ამ კონსესუსის და მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გააკეთა შეთავაზება, რომ ჩვენ გვჭირდება საერთო ძალისხმევა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. პრეზიდენტმა გააკეთა შეთავაზება, რომ ამ პროცესში ჩართულიყო იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობა და მას გაეკეთებინა ის პროცესი, რაც სწორად და იდეალურად მიაჩნდათ და დაესახელებინა შესაბამისი კანდიდატი. დღეს იყო ამ საკითხზე დისკუსია. სამწუხაროდ, ამ ფორმატთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი უახლოეს მომავალში თავად მიაწვდის საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. ახალი კანდიდატი პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. გიორგი მარგველაშვილმა კანდიდატის შესარჩევად სხვადასხვა პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან კონსულტაციები რამდენჯერმე გამართა, სადაც მონაწილეობა არ მიიღო მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ".

კომენტარები