რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპმა პედოფილიაში მხილებული სასულიერო პირები საჯაროდ დაგმო

რომის პაპმა ფრანცისკემ, კათოლიკურ ეკლესიას მიმართა და პედოფილიაში მხილებული სასულიერო პირები საჯაროდ დაგმო. ამის შესახებ BBC წერს.

წერილში, სახელწოდებით "ხალხის ღმერთი", რომის პაპი ძალადობრივ ქმედებებს გმობს და ეკლესიაში „სიკვდილის კულტურის“ ამოძირკვაზე საუბრობს. 

15 აგვისტოს პენსილვანიის უზენაესმა სასამართლომ ნაფიც-მსაჯულთა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც კათოლიკური ეკლესიის 300-მდე საეკლესიო პირი სექსუალურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ. 

დოკუმენტი ბოლო 70 წლის მოვლენებს ასახავს, ხოლო ამ ხნის განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 1000-ზე მეტი ბავშვი გახდა.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებს საეკლესიო პირების მიერ სისტემატური ხასიათი აქვს. 

მომხდარის შესახებ ვატიკანმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ საეკლესიო პირების ქმედება საშინელია, რომელიც უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებას ანადგურებს.

წმინდა საყდრის განცხადებაში ნათქვამია, რომ რომის პაპი ფრანცისკე ძალადობის მსხვერპლთა გვერდითაა.

მსხვერპლებმა უნდა იცოდნენ, რომ პაპი მათ მხარესაა. დაზარალებულები მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ეკლესიას მათი მოსმენა სურს იმისთვის, რომ აღმოფხვრას ეს საშინელება, რომელიც უდანაშაულოთა სიცოცხლეს ანადგურებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ძალადობაში ჩართული მღდვლები მოხსენიებულები არიან როგორც „მტაცებლები“.

9 აგვისტოს, Willow Creek-ის საეკლესიო პირებმა თანამდებობები მათი ლიდერის სექსუალური სკანდალის გამო დატოვეს.

მანამდე აშშ-ის კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა სექსუალური ძალადობის სკანდალში გაეხვა, რის გამოც რომის პაპმა ფრანცისკემ კარდინალ თეოდორ მაკარიკის საეკლესიო წოდება ჩამოართვა.

ვაშინგტონის 88 წლის ყოფილი არქიეპისკოპოსი ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველია, ვისაც სიცოცხლის განმავლობაში წოდება ჩამოართვეს. 

თეოდორ მაკარიკს დაახლოებით 50 წლის წინ, მოზარდის სექსუალურ შევიწროებას ედავებიან. 

კომენტარები