იტალია

იტალია ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ 177 მიგრანტს ქვეყანაში არ უშვებს

EPA

იტალიაში, სიცილიის პორტმა კატანიამ სანაპირო დაცვის გემი მიიღო, რომელმაც ხმელთაშუა ზღვაში 177 მიგრანტი გადაარჩინა, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, მატეო სალვინი მიგრანტების გემის დატოვების უფლებას არ აძლევს.

მიგრანტები გემზე უკვე 5 დღეა იმყოფებიან, თუმცა სალვინის თქმით მათ ნაპირზე გადმოსვლის უფლებას მხოლოდ მას შემდეგ მისცემენ, რაც ევროპის სხვა ქვეყნები მიგრანტების მიღებაზე დათანხმდებიან.

"გემს იტალიის პორტში შესვლის უფლება ექნება, თუ ევროპა სოლიდარობას გამოიჩენს და 177 მიგრანტს გადაინაწილებს." თქვა მან სატელევიზიო გამოსვლისას.

ოფიციალური რომი ირწმუნება, რომ მიგრანტები მალტამ უნდა მიიღოს, რადგან გემმა მათი აკვატორია გაიარა, თუმცა მალტა აცხადებს, რომ მიგრანტებს იტალიაში სურდათ ჩასვლა. სანაპირო დაცვის გემმა 190 მიგრანტი გადაარჩინა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 13-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა და მათი ევაკუაცია მოხდა. დაკითხვისას მათ თქვეს, რომ მალტელებმა ისინი საკუთარი აკვატორიიდან გაიყვანეს. მიგრანტების უმეტესობა ერითრეადან და სომალიდანაა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მალტამ საქველმოქმედო ორგანიზაცია SOS Mediterranee-ს გემი Aquarius-ი, რომელმაც ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტები გადაარჩინა, 5 დღიანი დაყოვნების შემდეგ მიიღო.

გემზე 141 მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის 70 ბავშვი. მათი უმეტესობა ერითრეადან და სომალიდან არიან.

მალტამ გემის მიღების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა, ლუქსემბურგმა, პორტუგალიამ და ესპანეთმა მიგრანტების მიღებაზე თანხმობა განაცხადეს.

გემი Aquarius-ის მიღებაზე იტალიამ და მალტამ უარი მიმდინარე წლის ივნისშიც განაცხადა. მაშინ გემმა ხმელთაშუა ზღვაში 630 მიგრნტი გადაარჩინა. იტალიამ და მალტამ მას პორტები დაუხურეს. საბოლოოდ გემი ესპანეთმა მიიღო.

კომენტარები