აშშ-თურქეთი

დონალდ ტრამპი: თურქეთი საშინელ შეცდომას უშვებს, არავითარი დათმობა არ იქნება

cnbc.com

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთში დაკავებული პასტორის, ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებამდე რაიმე მოთხოვნებზე დათანხმება გამორიცხა.

Reuters-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ სჯეროდა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეთანხმებას მიაღწია, როდესაც თურქეთს დაეხმარა ისრაელის მიერ დაკავებული თურქეთის მოქალაქის გათავისუფლებაში.

"ჩემი აზრით ძალიან საწყენია, რასაც თურქეთი აკეთებს. ჩემი აზრით ისინი საშინელ შეცდომას უშვებენ. არავითარი დათმობა არ იქნება." "მე ის ადამიანი [ოზქანი] მათთვის გავათავისუფლე. მე მოველოდი, რომ ისიც [ერდოღანი] გაათავისუფლებდა პატიოსან და შესანიშნავ ადამიანს, შესანიშნავ მამას და ქრისტიანს." "მე მომწონს თურქეთი. მე ძალიან მომწონს თურქი ხალხი. ამ დრომდე, როგორც იცით, კარგი ურთიერთობა მქონდა მათ პრეზიდენტთან. მშვენივრად ვეწყობოდით. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. თუმცა ეს ვერ იქნება ცალმხრივი გზა. ეს აღარ არის ცალმხრივი გზა აშშ-სათვის." თქვა მან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპმა მათ დაკავებული თურქი ქალის გათავისუფლების თხოვნით მიმართა, რომელსაც ისრაელი ჰამასთან კავშირში ადანაშაულებდა.

ისრაელმა ებრუ ოზქანის დეპორტაცია 15 ივლისს განახორციელა. მედიის მიხედვით ვაშინგტონში მოელოდნენ, რომ სანაცვლოდ თურქეთი ბრანსონს გაათავისუფლებდა. ერდოღანმა დაადასტურა, რომ აშშ-ს ოზქანის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა:

"ჩვენ ვუთხარით აშშ-ს, რომ მათ შეეძლოთ დაგვხმარებოდნენ უდანაშაულო ებრუს თურქეთში დაბრუნებაში. თუმცა, ჩვენ არ გვითქვამს, რომ სანაცვლოდ ბრანსონს გადავცემდით." თქვა ერდოღანმა.

ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტივენ მნუჩინის თქმით, თუ თურქეთი დაკავებულ ამერიკელ პასტორს არ გაათავისუფლებს, აშშ-ს დამატებითი სანქციები მზად აქვს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ეკონომიკაზე თავდასხმა მის დროშაზე ან ისლამში ლოცვისაკენ მოწოდება თავდასხმას შეადარა და თქვა, რომ თქვა, რომ თურქეთი ეკონომიკურ ზეწოლას არ შეუშინდება.

კომენტარები