გერმანია

FT: მერკელის აზერბაიჯანში ვიზიტი კასპიის ზღვის გაზის მიწოდების გაზრდას შეეხება

The National

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიმდინარე კვირაში აზერბაიჯანს ეწვევა და ევროპისათვის კასპიის ზღვის გაზის მიწოდების გაზრდაზე გამართავს მოლაპარაკებებს.

ამის შესახებ Financial Times წერს. გამოცემის მიხედვით გერმანია დაინტერესებულია ე.წ. "სამხრეთის გაზის დერეფნის" განვითარებით, რადგან ეს რუსეთზე ევროპის ენერგო-დამოკიდებულების შემცირებას უწყობს ხელს.

გამოცემა გერმანიის მთავრობის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიას ამ დერეფნის გაფართოება სურს, რათა ბუნებრივი აირი მიიღოს სხვა ქვეყნებისგან, მათ შორის თურქმენეთის, ირანისა და ერაყისაგან. გერმანია მიესალმება მიმდინარე თვეს რუსეთს, ირანს, ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას, რაც შეიძლება იქცეს თურქმენეთიდან აზერბაიჯანის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდების პირველ ნაბიჯად და შესაბამისად ხელი შეუწყოს ევროპის ბაზრის დივერსიფიკაციას, თუმცა მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროექტი სხვა სირთულეებთანაცაა დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ანგელა მერკელმა დახურულ შეხვედრაზე სირიასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ნორდსტრიმის ახალი გაზსადენის საკითხი განიხილეს.

ნორდსტრიმის ახალ გაზსადენთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ 2018 წელს ნორდსტრიმ 2-ის პროექტის დაწყების შემდეგაც უკრაინა არ უნდა გამოითიშოს გაზის ტრანზიტიდან:

"უკრაინამ, ჩემი აზრით, უნდა ითამაშოს როლი ევროპაში გაზის ტრანზიტში." თქვა მან.

ამ საკითხზე პუტინმა თქვა:

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნორდსტრიმ 2 მხოლოდ ეკონომიკური პროექტია და არ ნიშნავს უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტისათვის კარის დახურვას."

Nord Stream 2 უკვე არსებულ Nord Stream-ის გაზსადენის პროექტს გააფართოვებს და ბალტიის ზღვის მეშვეობით ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას უკრაინაში გამავალი უკვე არსებული გაზსადენების გვერდის ავლით მიაწოდებს. ახალი პროექტი 9.5 მილიარდი ევრო ჯდება და ერთობლივად ორივე გაზსადენი წელიწადში 110 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეძლებს, რაც ევროპაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის მეოთხედია.

გაზსადენის პროექტს აშშ, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აკრიტიკებენ.

ნატოს სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართა, დონალდ ტრამპმა სწორედ გერმანიის მხრიდან ამ გაზსადენის პროექტის მხარდაჭერა გააკრიტიკა:

"რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი აირის 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ."

"რამდენადაც ვხვდები, გერმანია რუსეთის მძევალია." თქვა ტრამპმა. 

ანგელა მერკელი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს და სომხეთსაც ეწვევა.

ის საქართველოში 23-24 აგვისტოს ჩამოვა.

გერმანიის კანცლერობის პერიოდში რუსეთთან და საქართველოსთან მერკელის პოლიტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

 

 

კომენტარები