თაღლითობა

მოქალაქე ბრალდებულის ოჯახს 13 000 ლარის ნაცვლად საპროცესოს გაფორმებაში დახმარებას პირდებოდა

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ერთერთ ოჯახს უთხრა, რომ პროკურატურის მაღალჩნოსნებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მათი ოჯახის დაკავებული წევრისთვის 13 ათასი ლარის სანაცვლოდ საპროცესოს გააფორმებინებდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის აპრილიდან ივნისის თვემდე პერიოდში, მოქალაქე პ.ა.- მ, ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრები დაარწმუნა, თითქოს ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და დაპირდა, რომ 13 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა. დაზარალებულები პ.ა.-ს მოთხოვნას დათანხმდნენ და თანხა სრულად გადაუხადეს. გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებული პირი აღნიშნულ თანხას მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა." - წერია პროკურატურის განცხადებაში.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. უწყების ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით მიმართავს.

კომენტარები