საქართველო-თურქეთი

თურქეთის ელჩი: გვსურს, საქართველომ FETO-სთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯი გადადგას

ანადოლუ

საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა სერენ იაზგანის თქმით, თურქეთს საქართველოს მთავრობისგან FETO-სთან ბრძოლის კუთხით მეტის მოლოდინი ჰქონდა.

ელჩმა თურქეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოსთან, ანადოლუსთან საუბრისას თქვა, რომ თურქეთს სურს, საქართველომ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი გადადგას.

ფატმა სერენ იაზგანი ამბობს, რომ საქართველოსა და თურქეთის უსაფრთხოების ძალებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა ფეტულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან, FETO-სთან ბრძოლის კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფის უნივერსიტეტი საქართველოში ჯერაც არსებობს. მისივე თქმით, თურქეთის მოქალაქეებს თავიანთი პირადობის მოწმობით საქართველოში გაჩერება 1 წლით შეუძლიათ და ფეტოს წევრები ამით ბოროტად სარგებლობენ.

"ორი ქვეყანა ფხიზლად უნდა იყოს იმ ელემენტების მიმართ, რომლები საფრთხეს უქმნიან ორმხრივ ურთიერთობებს. ფეტოს კვლავ აქვს საქართველოშ უნივერსიტეტი და კვლავ სურს, განახორციელოს ქმედებები საქართველოს საშუალებით თურქეთის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, თურქეთის მოლოდინები საქართველოს მთავრობის მიმართ ფეტოს წინააღმდეგ ჯერაც არ შესრულებულა.. გვსურს, მათ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი გადადგან", - თქვა თურქეთის ელჩმა საქართველოში.

ფეტო მოძრაობაა, რომელსაც სათავეში ფეტულა გიულენი უდგას და რომელსაც თურქეთის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. სწორედ ფეტოს და გიულენს ბრალდება 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა, რის შემდეგაც აქ 2 წლის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

ფეტულა გიულენი თურქეთის ახლანდელი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძველი მოკავშირე და ყოფილი იმამია. ის ახლა ამერიკაში ცხოვრობს.

2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით ერდოღანმა ამერიკას გიულენის ექსტრადიცია სთხოვა, თუმცა ამერიკამ ყოფილი იმამი ოფიციალურ სტამბოლს არ გადასცა. მას შემდეგ ერდოღანის მთავრობა გიულენთან კავშირში შემჩნეულ პირებს დევნის - სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ სამსახურიდან დათხოვნილთა რიცხვი 125 ათას ადამიანს აჭარბებს. დახურა ასობით სკოლა, უნივერსიტეტი, მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია.

სამსახურებიდან დათხოვნის ბოლო ტალღა თურქეთში 8-9 ივლისს მოხდა. დაითხოვეს 18 ათასი ადამიანი, მათ შორის ჯარისკაცები, პოლიციელები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ასევე დაიხურა ერთი სატელევიზიო არხი და სამი გაზეთი.

ელჩის ინტერვიუ ანადოლუზე 16 აგვისტოს გამოქვეყნდა, 20 აგვისტოს კი საქართველოს განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერა - სასწავლებელი 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადს ვეღარ მიიღებს.

გადაწყვეტილების მიზეზად ცენტრმა უნივერსიტეტისთვის 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა დაასახელა, რომელიც სასწავლებელს გადასახადებისგან თავის არიდების გამო დაუწესდა. IBSU აცხადებს, რომ ჯარიმა სასამართლოშია გასაჩივრებული და წაგების შემთხვევაში, უნივერსიტეტი მზადაა, ის დაფაროს.

კომენტარები