ტურიზმი

ივლისში ქართველმა ვიზიტორებმა საბანკო ბარათებით რეკორდული თანხა 151 მილიონი დახარჯეს

ტრევის შადრევანი რომი
ფოტო: reuters

ვიზალიბერალიზაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლა მნიშვნელოვნად გაუმარტივდათ, რაც ქართველ ვიზიტორებს აძლევს საშუალებას გაცილებით მარტივად დაგეგმონ ევროკავშირის ტერიტორიაზე ვიზიტები.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში გაცემული საგადახდო ბარათებით უცხოეთის ტერიტორიაზე ივლისში 151 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა. ეს თანხა რეკორდულად მაღალია და ის 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 36%-ით აღემატება. ხოლო 2018 წლის პირველ 7 თვეში ჯამურად დახარჯული თანხა 942 მილიონი ლარია, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. 

თუმცა, საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები მთლიან ტურისტულ ხარჯებს არ წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკი სხვადასხვა ფაქტორზე დაყრდნობით ანგარიშობს იმ მთლიან თანხას, რასაც ქართველები უცხოეთში ტურისტული მიზნებით ხარჯავენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წელს ქართველებმა უცხოეთში $463 მილიონი, ანუ 1.19 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 2016 წელთან შედარებით ზუსტად 20%-ით მეტია. 2018 წლის პირველ კვარტალში ქართველთა ტურისტული ხარჯი $105 მილიონს შეადგენდა, რაც 2017 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება. 

სტატისტიკის მიხედვით, 2002 წლის შემდგომ, ქართველთა მიერ უცხოეთში დახარჯული თანხა დაახლოებით გახუთმაგდა.

ეროვნული ბანკი 2018 წლის მეორე კვარტალში ქართველთა ტურისტულ ხარჯებს სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნებს.

 

კომენტარები