მედიცინა

კუჭის ბაქტერიის ფერმენტს ადამიანის სისხლის ჯგუფის შეცვლა შეუძლია

University of British Columbia-ს ბიოქიმიკოსებმა აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელიც სისხლის მეორე (A) და მესამე (B) ჯგუფებს პირველ (O) ჯგუფად გარდაქმნის. სისხლის პირველ ჯგუფს (O) უნივერსალურ დონორს უწოდებენ, რადგან მისი გადასხმა შესაძლებელია თითქმის ყველა სხვა სისხლის ჯგუფის მქონე პაციენტებისთვის.

არსებობს სისხლის ოთხი ძირითადი ჯგუფი: პირველი (O), მეორე (A), მესამე (B) და მეოთხე (AB). ამ ჯგუფებს სისხლის წითელი უჯრედების, ერითროციტების ზედაპირზე ოთხი განსხვავებული მოლეკულის, ანტიგენის არსებობა განსაზღვრავს.

სისხლის მეოთხე (AB) ჯგუფის მქონე ადამიანები უნივერსალური რეციპიენტები არიან, მათ შეიძლება გადაესხათ სხვა ნებისმიერი ჯგუფის სისხლი, თუმცა მეოთხე ჯგუფის სისხლის სხვა ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის გადასხმა არ შეიძლება. სისხლის მეორე (A) და მესამე (B) ჯგუფები კი მხოლოდ ერთ-ერთ ანტიგენს შეიცავენ, შესაბამისად მათ მხოლოდ იმ ჯგუფის სისხლი შეიძლება გადაესხას, რომელიც არ შეიცავს მეორე ანტიგენს.

პირველი ჯგუფის (O) ერითროციტები არ შეიცავენ არცერთ ანტიგენს, შესაბამისად  ეს ჯგუფი უნივერსალური დონორია და მისი გადასხმა სხვა ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებისთვისაა შესაძლებელი. ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ პირველი ჯგუფის სისხლზეა, სისხლის ბანკები და დონაციის ცენტრები ყველაზე ხშირად ამ ჯგუფის სისხლის მოპოვებას ცდილობენ. მეცნიერები ათწლეულებია მუშაობენ სისხლის პირველი (O) ჯგუფის ლაბორატორიაში მიღების მეთოდებზე.

გუშინ, University of British Columbia-ს უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა აშშ-ს ქიმიკოსთა საზოგადოების 256-ე შეხვედრაზე წარმოადგინა კვლევა, რომელშიც ამტკიცებენ, რომ მათ აღმოაჩინეს სისხლის მეორე (A)  და მესამე (B) ჯგუფების პირველ (O) ჯგუფად გარდაქმნის ეფექტური მეთოდი.

კუჭის ლორწოვანი გარსის ერთ-ერთი ბაქტერიის ფერმენტი ერითროციტების ზედაპირზე არსებულ იმ ანტიგენს აშორებს, რომლებიც გვხვდება სისხლის მეორე (A) და მესამე (B) ჯგუფებში და არ გვხვდება სისხლის პირველ (O) ჯგუფში. ამ ანტიგენების მოშორების შემდეგ სისხლის რეციპიენტის იმუნური სისტემა ვეღარ ამოიცნობს გადასხმულ სისხლს, როგორც განსხვავებულ ჯგუფს და აღარ გამოიმუშავებს ანტისხეულებს მის წინააღმდეგ. კვლევის ავტორები ახალაღმოჩენილი მეთოდის კლინიკურ კვლევას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

კომენტარები