EPP

ქართული ოცნების წევრების განცხადებები EPP-ზე, რომლის წევრი მერკელის პარტიაც არის

Getty Images

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საქართველოშია. ის მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. 

მერკელის პარტია "გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" ევროპის სახალხო პარტიის წევრია. 

ევროპის სახალხო პარტია კი, თავის მხრივ, ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილი პარტიაა. მისი წევრები არიან ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.

EPP ხშირად აკეთებს კრიტიკულ განცხადებებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე, რუსთავი 2-ის საქმეზე, მართლმსაჯულების სისტემაზე და სხვა. პარტიის წევრების განცხადებების გამო EPP ხშირად გამხდარა მმართველი გუნდის, ქართული ოცნების წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი. 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტარებზე, რომელთაც ბრიუსელში ვიზიტისას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები დაუსვეს, 17 ივნისი, 2013

"რამდენიმე პიროვნება ევროპის სახალხო პარტიიდან აგრძელებს თავის ქმედებებს ისე, როგორც დღემდე მუშაობდნენ. ევროპელი კანდელაკები - ასე შემიძლია მათი დახასიათება, ანუ მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის ისეთივე ერთგული მხარდამჭერები, როგორც საქართველოშია, მაგალითად, ბატონი გიორგი კანდელაკი. მაგრამ ჩვენ უნდა შევეგუოთ - პოლიტიკა და პოლიტიკური განწყობები არის არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც. საერთაშორისო დონეზე დღეს სხვა რამეს ველოდოთ ადამიანებისგან, რომლებმაც წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი წარმოაჩინეს, როგორც დემოკრატიის შუქურა, ცოტა წარმოუდგენელია".

ეკა ბესელია EPP-ის განცხადებაზე, რომ პარტია "საქართველოში ყველა პროდასავლური მინისტრის გადადგომითა და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებით შეშფოთებულია", 6 ნოემბერი, 2014

"ევროპის სახალხო პარტია გახლავთ ის გაერთიანება, რომელშიც არის ნაციონალური მოძრაობა გაწევრიანებული. სოლიდარობის განცდით ძალიან ხშირად აკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორიც გვესმის ხოლმე ნაციონალური მოძრაობისგან". 

გია ვოლსკი ევროპის სახალხო პარტიის წევრის იარომირ შტეტინას განცხადებაზე, რომ "მიუღებელია პროცესები დამოუკიდებელ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით". 26 ნოემბერი, 2015

"რასაკვირველია, რუსთავი 2 არ არის ჩვეულებრივი თემა. თავისი მრავალი ფილიალით თუ დიდი კოლექტივით, კრიტიკული პოზიციით და ყოფილი პროკურორით სათავეში, რომელიც გუშინ სიტყვის თავისუფლებას თრგუნავდა, ადამიანის უფლებებს, და დღეს მის დამცველად გამოვიდა. არის მთავარი საკითხი შუა მხარე, ანუ ზემდგომი მხარე, ეს არის სამართალი. პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, რასაკვირველია, კეთდება ევროპის სახალხო პარტიიდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ვინაიდან მედია-პლურალიზმი არის მთავარი ლოზუნგი, რითაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში". 

იმ დროისთვის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჯოზეფ დოლის განცხადებაზე, რომ "ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით". 27 მარტი, 2016

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, როგორც იყო გაცხადებული, ზაფხულში მივიღებთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას. მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სახალხო პარტიის სხვა წევრები ისე არ ფიქრობენ, როგორც ეს არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა".

საპარლამენტო უმრავლსეობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ვიზალიბერალიზაციის შესახებ epp-ს განცხადებაზე, 27 აპრილი, 2016

"EPP ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთარ მოედანზე დამარცხდა და დამარცხება ასევე იქნება LIBE-ს კომიტეტზეც და საერთოდ პლენარულ სხდომაზეც იმიტომ, რომ ეს არ არის ერთადერთი ძალა ევროპის პარლამენტში. სამწუხაროდ, ორგანიზებულად უჭერენ მხარს ყველა სისულელეს, რასაც სთავაზობენ ჩვენი ნაციონალური მოძრაობის ცალკეული წარმომადგენლები". 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ნაციონალური მოძრაობისგან ფულის აღებაში ადანაშაულებს EPP-ს პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა დამოკიდებული იქნებოდა ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე, 27 მარტი, 2016

"ეს კაცი, ჟოზეფ დოლი არაფერს არ წყვეტს ევროპარლამენტში, იგი წევრიც კი არაა და მისი სახელიც კი არ ახსოვთ საფრანგეთში. ეს ნაცმოს და სააკაშვილის მორიგი პიარული სვლაა ხალხის, ამომრჩევლის დაშანტაჟების მიზნით და თუნდაც ამისთვის, ამ აფიორისთვის მკაცრად მოგთხოვთ პასუხს და არ გაპატიებთ! ჟოზეფ დოლს კი პირდაპირ შეკითხვას ვუგზავნი მეილზე, რამდენი შემოგწირათ სააკაშვილმა ამ შანტაჟში თქვენი ჩართულობისთვის???? იქნებ, თქვენზეც აქვთ ოდესღაც რამე კომპრომატები ჩაწერილი და დღეს თავად ხართ შანტაჟის მსხვერპლი?"

ევროპის სახალხო პარტიას ქართულმა ოცნებამ 2015 წლის 29 ოქტომბერს წერილითაც მიმართა. მმართველი გუნდი EPP-ს მოუწოდებდა, "ნუ ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში". 

"ჩვენ ვართ შოკირებული და დამწუხრებული ევროპის სახალხო პარტიის განცხადებებისა და რეზოლუციების გამო საქართველოში მედიის თავისუფლებასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ არის დეზინფორმაცია, უსამართლო, მიკერძოებული და საქართველოსა და ევროკავშირის ინტერესების დამაზიანებელი.

ვითვალისწინებთ რა ევროპის სახალხო პარტიის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ "ოჯახურ ურთიერთობას", კოალიცია ქართული ოცნება კატეგორიულად არ ეთანხმება სახალხო პარტიის განცხადებებს და მოუწოდებს მას, ყურადღება გაამახვილოს იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიული რეფორმების კუთხით და გამოხატოს ეს რეალობა მის განცხადებებში. ასევე მოვუწოდებთ, ჩვენს ყველა ევროპელ პარტნიორს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რაც შეიძლება, აღიქმებოდეს პოლიტიზირებულად ან ჩარევად დამოუკიდებელი სასამართლოს განსახილველ საქმეებში, მათ შორის, რუსთავი 2-ის საკუთრების დავასთან დაკავშირებით", - ეწერა ქართული ოცნების წერილში. 

EPP-ს წერილი თავად ბიძინა ივანიშვილმაც მისწერა. მასში ყოფილი პრემიერმინისტრი 2012 წლის შემდეგ მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს და ამის ფონზე უკვირს, რატომ აკრიტიკებს მმართველ გუნდს ევროპის სახალხო პარტია. ივანიშვილი ყურადღებას EPP-ის და ნაციონალური მოძრაობის პარტნიორობაზე ამახვილებს. 

"მეტად უცნაურია, რატომ აყოვნებდა წლების განმავლობაში კრიტიკა, როდესაც საქართველოში სამი ძირითადი მაუწყებელი, საზოგადოებრივის ჩათვლით, ნაცმოძრაობის პროპაგანდის ნაწილად იყო ქცეული. იმედს გამოვთქვამთ, თქვენს ყურადღებას ამჯერად მაინც მიიპყრობს 2004-2007 წლებში ქართულ მედია ბაზარზე განვითარებული მოვლენები და შეფასებები არ დააყოვნებს". 

კომენტარები