შავი ზღვის უნივერსიტეტი

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი: IBSU-მ სააპელაციო პროცედურები უნდა გაიაროს

0 კომენტარი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სააპელაციო საბჭოს უნდა მიმართოს და "წარმოადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნესპროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული სტუდენტთა უფლებები". განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი IBSU-ს მიერ ჯარიმის გადახდას ეხმიანება. 

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიესალმება პროცესების მოწესრიგების მიმართულებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯს, კერძოდ, სახელმწიფოს მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილი ფინანსური დავალიანების დაფარვის შესახებ.

იმავდროულად, ცენტრი ადასტურებს, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებების, მათ შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების და ერთი წლის ვადით სტუდენტთა მიღების შეზღუდვის შესახებ, შესაბამისმა საბჭომ მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვის პირობებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

ავტორიზაციის საბჭო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რევიზია კანონითვე დადგენილი სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე. შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, უწინარეს ყოვლისა, უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარმოადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნეს პროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული სტუდენტთა უფლებები" - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

განათლების ხარისხის ცენტრის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადს ვეღარ მიიღებს. გადაწყვეტილების მიზეზად უნივერსიტეტისთვის 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა დასახელდა, რომელიც სასწავლებელს გადასახადებისგან თავის არიდების გამო დაუწესდა. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საგადასახადო დავალიანება, 715 000 ლარი გუშინ გადაიხადა. ახლა უნივერსიტეტი განათლების ხარისხის ცენტრს მოუწოდებს, შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლითაც IBSU-ს 2019 წლამდე სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება შეუზღუდა. 

უნივერსიტეტის რექტორის ილიას ჩოლოღლუს თქმით, ჯარიმა თავდაპირველად 1 მილიონ-ნახევარი ლარი იყო, თუმცა, სასამართლოში განხილვის შედეგად, მან 715 ათას ლარამდე დაიწია, აღნიშნული თანხა კი იმიტომ არ გადაიხადეს, რომ საქმე კვლავ სასამართლოშია. მან ასევე წარმოადგინა შემოსავლების სამსახურისგან 4 ივლისს მიღებული წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ IBSU-ს ყადაღა უნდა მოეხსნას. 

ჩოლოღლუსვე თქმით, უნივერსიტეტის აქტივები 27 მილიონ ლარს შეადგენს, შესაბამისად, მას 715 000 ლარის გადახდა არ გაუჭირდებოდა და საფრთხე, რომ IBSU მას ვერ გადაიხდიდა, არ არსებობდა, თუმცა, განათლების ხარისხის ცენტრმა არც ერთი ეს გარემოება არ გაითვალისწინა, რამაც უნივერსიტეტს განვითარების საფრთხე შეუქმნა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები