ნარკოდანაშაული

შსს: ანაკლიაში, თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში ანაკლიაში, თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 29 ადამიანი დააკავეს.

როგორც უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა თქვა, შსს აგრძელებს "ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას".

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ირანის რესპუბლიკის 5 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ამბობს მამუკა ჭელიძე.

მისივე თქმით, ასევე, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული 15 პირი.

რაც შეეხება თბილისს, შსს-ს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ი.ი. რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები: კოკაინი, კეტამინი და ამფეტამინი.

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს აჭატრაში.

"ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან 91 აბი "სუბოქსინი" და 5 შეკვრად დაფასოებული "ჰეროინი" ამოიღო", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ნარკოტიკოდანაშაულისათვის დაკავებულია ირანის 2 მოქალაქეც.

"ორივე მათგანისგან ამოღებულია 8 შეკვრა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება: 700 გრამამდე ჰეროინი", - აღნიშნავენ შსს-ში.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინიტროში ამბობენ, რომ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დაკავებულია კიდევ 2 პირი, რომელთა პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკები: 25 აბი "ექსტაზი", ასევე, "ამფეტამინი", "მდმა" და "LSD".

უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე 1 პირი დააკავეს ფონიჭალაშიც.

"პოლიციამ დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" საკონტროლოდ შეისყიდა. სამართალდამცველებმა, ორთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად, 1992 წელს დაბადებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ცნობითვე, 1 იანვრიდან დღემდე, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 99 პირი დააკავეს.

"აღნიშნული პირები ქვეყანაში დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ცდილობდნენ", - აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები