ანგელა მერკელის ვიზიტი

ანგელა მერკელის ვიზიტი: რისი იმედი უნდა გვქონოდა?

გია ნოდია
0 კომენტარი

სულ მცირე ეროვნული მოძრაობის დროიდან ვიცით, რომ დასავლეთისკენ ვისწრაფვით და მისგან შველას ველით. მაგრამ თან გვეშინია, რომ მისგან საკმარის აღიარებას და მხადაჭერას ვერ მივიღებთ და „მარადმსწრაფველთა“ სტადიაში ჩავრჩებით.

ამ შიშს საფუძველი აქვს: დასავლეთის ჩვენდამი დამოკიდებულება ცალსახა არ არის. სწორედ იმიტომ, უნდა გვქონდეს როგორც რისკების, ისე შესაძლებლობების ადეკვატური ხედვა. რეაქციებმა ანგელა მერკელის ვიზიტზე აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სწორხაზოვანი და გულუბრყვილო წარმოდგენებით იკვებება.

რაშია პრობლემა?

კიდევ ერთხელ გავიაზროთ: რატომ ვერ ვხდებით ბოლომდე ევროპის ნაწილი? ამას სულ მცირე ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველია - გეოგრაფია. ფიზიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით, ევროპაში საერთოდ ვერ ვხვდებით, თუმცა მის საზღვარზე კი ვართ. უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური გეოგრაფია თუ გეოპოლიტიკა: აღმოვჩნდით გამყოფ ხაზზე, სადაც ძირითადი მოთამაშეების რეალური ძალა და გავლენა არსებითად გაურკვეველია. რუსეთთან კონფლიქტი საქმეს განსაკუთრებით გვირთულებს: ჩვენი თანმიმდევრული მხარდამჭერი რუსეთთან დაპირისპირებული აღმოჩნდება, ამას კი ბევრი გაურბის. ბოლო ხანებში, რაც თურქეთს სულ უფრო უფუჭდება დასავლეთთან ურთიერთობა, მისი მეზობლობაც ნაკლებ მომგებიანი ხდება.

ამას ვერაფერს ვუშველით. მაგრამ არის სხვა რამ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. ევროპა (ან "დასავლეთი“) გეოგრაფიულზე უფრო, ცივილიზაციური ცნებაა, ცივილიზაცია კი ცხოვრების წესსა და ინსტიტუტებში ვლინდება. ზოგადად გვინდა, რომ ევროპული ტიპის ცხოვრების წესი და ინსტიტუტები გვქონდეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ასე არ არის. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უფრო ევროპული ქვეყანა ვართ, ვიდრე ოცი წლის წინ, ან ვიდრე რომელიმე ჩვენი მეზობელი. მიზეზებზე საუბარს ახლა არ ვაპირებ, მაგრამ ჩვენი "შედარებით, მაგრამ არც მთლად ევროპელობა" შეგვიძლია მოცემულობად მივიღოთ: უცებ, ხვალ და ზეგ, ეს ვერ შეიცვლება.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხელი უნდა ჩავიქნიოთ ან რუსეთს ჩავბარდეთ: „ევროპა ჩვენგან მაინც არ გამოვა“, თან "ევროპას მაინც არ ვუნდივართ“? არა. იმის გათვალისწინებით, რომ პლანეტის ერთ-ერთ სახიფათო ადგილას ვიმყოფებით, არც ისე ცუდად ვართ. საქართველოს ისტორიაზე მინიმალური წარმოდგენაც საკმარისია იმის დასანახად, რომ ახლა ერთ-ერთი შედარებით წარმატებული პერიოდი გვაქვს.

ეს რომ ასეა, ამაში ძალიან დიდი - ალბათ, გადამწყვეტი - წვლილი შეიტანა სწორედ დასავლეთის, მათ შორის ევროპის, მხარდაჭერამ. თანამედროვე დასავლეთი არის ისტორიულად უნიკალური სივრცე, სადაც მცირე ერს შეუძლია შედარებით სტაბილური, უსაფრთხო და ღირსეული არსებობა. ამიტომ სრულიად რაციონალურია, რომ ამ სივრცის ნაწილად გახდომა გვინდა. დასავლეთისგან ნაკლები მხარდაჭერა გვაქვს, ვიდრე გეოგრაფიულად უფრო იღბლიან ქვეყნებს, მაგრამ ამ ვითარებაშიც გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი პოლიტიკური გეზი თავად განვსაზღვროთ და განვვითარდეთ. რამდენად და როგორ ვიყენებთ მოცემულ შანსებს, სხვა საკითხია.

ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა (და არც-მთლად-ევროპელობის გამოხატულება) ისაა, რომ პოლიტიკის აბსოლუტურ და ხშირად მაგიურ კატეგორიებში დანახვა გვიყვარს. ქვეყანას ან პოლიტიკოსს მეგობარი რომ დავუძახოთ, მისი პოზიცია ყველა საკვანძო საკითხზე ჩვენსას უნდა ემთხვეოდეს. როცა სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა, ასეთი გულუბრყვილობა და პრიმიტიულობა აღარ გვეპატიება. საქართველო სამყაროს ცენტრი არ არის, ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა არასოდეს გახდება ნომერ პირველი პრიორიტეტი მსოფლიოს ლიდერებისთვის. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მინიმალური შანსების მაქსიმალური გამოყენება: ასეც ბევრის მიღწევა შეიძლება. მერკელის ვიზიტსაც ასეთი პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ.

ცუდი ანგელა

ანგელა მერკელის გამონათქვამებმა ბევრი ქართველი გააწბილა. მან თქვა, ჯერჯერობით ნატოში ვერ მიგიღებთ, ხოლო ევროკავშირის წევრობა საერთოდ შორეული პერსპექტივააო. თან დაამატა, ხელს ტერიტორიული კონფლიქტების გადაუწყვეტელობა გიშლითო: ეს თეზისი რუსეთისთვისაა მოსაწონი და არა ჩვენთვის. მართალია, მან ცალსახად დაუჭირა მხარი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არსებულ მდგომარეობას რუსეთის მხრიდან „ოკუპაცია“ საკუთარი ინიციატივით არ უწოდა, სანამ ქართველი სტუდენტის ჭკვიანურად დასმულმა შეკითხვამ ეს სიტყვაც არ ათქმევინა. აგრეთვე, მას არ უთქვამს: აქ ჩამოსვლის წინ ვლადიმირ პუტინს რომ შევხდი, სულ თქვენზე ველაპარაკეო. არ ვყოფილვართ ამ ქალის მთავარი საწუხარი.

შეიძლება თუ არა, ამით უკმაყოფილო ვიყოთ? რა თქმა უნდა, შეიძლება. მეც გამიხარდებოდა, თუ მერკელი ნატოში მალე მიღებას და ევროკავშირის პერსპექტივას დაგვპირებოდა. მაგრამ მოცემულ სიტუაციაში, ამის მოლოდინი არ უნდა გვქონოდა. ასეთი ვიზიტის შეფასებისას უნდა ამოვიდეთ იქიდან, რა არის შესაძლებელი მოცემულ ვითარებაში. თუ ასე მივუდგებით, მერკელის ვიზიტი საკმაოდ კარგი იყო.

მორიგე ვიზიტი

მერკელს საქართველოში რაიმე განსაკუთრებული დღის წესრიგი არ ჰქონდა. აქ ჩამოსვლა რეგიონული ტურის ნაწილი იყო: გერმანიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამხრეთ კავკასიას ერთიან რეგიონად განიხილავს. ზოგადად, ეს მიდგომა მოძველებურად მეჩვენება: მე რომ მკითხო, უფრო უპრიანი იქნებოდა ტური უკრაინა-მოლდოვა-საქართველო, რადგან ამ სამ ქვეყანას მეტი აქვს საერთო, კერძოდ, ევროპასთან ასოცირება და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

მაგრამ მერკელს ჩემთვის არაფერი უკითხავს. ოღონდ, რა კონფიგურაციაშიც არ უნდა ჩამჯდარიყო მერკელის ვიზიტი, თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროპის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი მთელ დღეს უთმობს საქართველოში ჩამოსვლას და ჩვენს მიმართ მხარდაჭერის გამოთქმას, ძალიან კარგია.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ტურის დროს ყველაზე დიდი ინტერესი მერკელს აზერბაიჯანის მიმართ ჰქონდა. ჩვენ კი ყურადღება დიდად არ მიგვიქცევია, მაგრამ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე შედგა მნიშვნელოვანი შეთანხმება კასპიის ზღვაზე გამავალ ხუთ ქვეყანას შორის იმაზე, თუ როგორ გაინაწილონ ამ ზღვის რესურსები. ეს შეთანხმება კვლავ აქტუალურად აქცევს თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის გაზსადენის მშენებლობის პროექტს, რაც თურქმენული გაზის ევროპის ბაზარზე რუსეთისგან დამოუკიდებლად შესვლის პერსპექტივას ქმნის. სამწუხაროდ, გერმანია არ იშლის ნორდსტრიმ 2-ის, რუსეთ-გერმანიის გაზსადენის მშენებლობას (რაც მისი მხრიდან ევროპული სოლიდარობის აშკარა დარღვევაა), მაგრამ ის მაინც დაინტერესებულია რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებით, რისი მიღწევაც გაზის ალტერნატული წყაროების მოძიებითააა შესაძლებელი.

თუ ეს ვარაუდი მართალია, ამ საკითხის მიმართ საქართველოს ორმაგი ინტერესი აქვს. ზოგადად, ჩვენთვისაც უკეთესია, ევროპა და კერძოდ გერმანია რუსეთის გაზზე ნაკლებ იყოს დამოკიდებული. მეორეც, თუ თურქმენეთის გაზი მართლაც წამოვიდა ევროპისკენ (რაც ჯერ კიდევ არ ვიცით), ეს ჩვენი ტერიტორიის გავლით მოხდება.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ კანცლერი რაიმეს ახალს და საინტერესოს ჩამოგვიტანდა. რაც მან საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე თქვა, ადრეც ბევრჯერ მოგვისმენია: ეს დღევანდელი დასავლური კონსენსუსია. ტერიტორიულ კონფლიქტებთან ნატოს წევრობის დაკავშირება ჩვენთის არასასიამოვნოა და ამას უნდა ვეკამათოთ - მაგრამ გერმანელებს ეს პოზიცია არაერთხელ გამოუთქვამთ. აქ მთავარია იმის გააზრება, რომ ამგვარი დაკავშირება მომიზეზებაა და არა რეალური მიზეზი: დასავლეთს უჭირს იმის აღიარება, რომ რუსეთისთვის ანგარიშის გაწევაა მისი ქცევის საფუძველი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიზიტის კონკრეტული შედეგები არცთუ ცუდია. კანცლერმა დაადასტურა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალური მუშაობის საკითხი სერიოზულად განიხილება: ეს ნიშნავს, რომ ტურისტული ვიზების ლიბერალიზაცია ამ ეტაპზეც არ ყოფილა ევროპასთან დაახლოების ბოლო გაჩერება. ის, რომ ეს საკითხი ბალკანეთის ქვეყნებთან ერთ კონტექსტში განიხილება, მომგებიანია, რადგან ბალკანეთის ევროპული პერსპექტივა ეჭვის ქვეშ არ დგას. გერმანია აღიარებს „ტეტუნაშვილი-ოთხოზორიას“ სიას: ეს მნიშვნელოვანი სიმბოლური გამარჯვებაა, ხოლო იმ საკითხებში, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება, ბრძოლები ამ ეტაპზე ძირითადად სიმბოლოებზეა. გერმანიის დაფინანსებული შემდეგი დიდი პროექტი, გაზსაცავის მშენებლობას, ჩვენს ენერგეტიულ უსაფრთხოებას შეეხება და ძალიან მნიშვნელოვანია.

"პრორუსი ანგელა“

და ბოლოს, რა ვუყოთ ქართულ საზოგადოებაში კვლავ პოპულარულ წარმოდგენას, რომ მერკელი, რაღაცნაირად, პრორუსი პოლიტიკოსი და პუტინის მეგობარია?

გერმანულ საზოგადოებაში ძლიერია (თუმცა არა გაბატონებული) ეგრეთწოდებული Russlandverstehen-ის, "რუსეთისადმი გაგებით მოკიდების“ მიმართულება. ამ განწყობის ადამიანები უმეტესწილად დასავლეთს (განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს) ადანაშაულებენ რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ კრიზისში და არ თვლიან, რომ დასავლეთმა უკრაინას ცალსახად უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთთან კონფლიქტში. ეს განწყობა გავლენიანია მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის უმცროს პარტნიორებს, სოციალ-დემოკრატებს შორის, თუმცა მხარდამჭერები მემარჯვენე ფლანგზეც საკმარისი ჰყავს. ის ფაქტი, რომ გერმანიის ბოლო სოციალ-დემოკრატი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი გაზპრომში გადავიდა სამუშაოდ, ხოლო მისი ყოფილი თანაშემწე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტია, მრავლისმეტყველია. გერმანიის გარეთ, ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში ძლიერია ანტი-ევროპული და ანტი-ნატოური განწყობები, რაც ხშირად პუტინის მიმართ კეთილგანწყობასაც ებმის.

როგორც კანცლერი, მერკელი ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს იმ კონსენსუსს, რას მის ქვეყანაში და პოლიტიკურ ელიტაში არსებობს. რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისთვის თავის არიდება ამ კონსენსუსის ნაწილია. სწორედ ამ განწყობის არსებობა (არა მხოლოდ გერმანიაში) არის იმის ძირითადი მიზეზი, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ნატოში წევრობა რეალურად არ განიხილება. მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ადგილი უკავია გერმანულ პოლიტიკურ ლანდშაფტში კონკრეტულად ანგელა მერკელს. ის არა მხოლოდ გერმანიის, არამედ ევროპის მასშტაბით გამოირჩევა რუსეთის მიმართ პრინციპული პოლიტიკის მოთხოვნით. მერკელს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ რუსეთის მიმართ სანქციები, რომლის აუცილებლობასაც ყველა ევროპელი პოლიტიკოსი სულაც არ იზიარებს, ძალაში რჩება. ის იმითაც გამოირჩევა, რომ, მრავალი სირთულის მიუხედავად, მეტ ღირებულებას ანიჭებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობას და, შესაბამისად, ნატოს.

ანგელა მერკელისაგან ნაკლებად უნდა მოველოდეთ მკვეთრ განცხადებებს, რომლებიც გულს გაგვიკეთებს. მაგრამ უნდა შევიგნოთ, რომ ევროპის მხარდაჭერის გარეშე ჩვენი უსაფრთხოების დონე და განვითარების პერსპექტივები გაცილებით გაუარესდება; ხოლო ანგელა მერკელი ერთ-ერთი ის ლიდერია, რომელიც ამ ეტაპე ევროპის ჩვენდამი მხარდაჭერის მდგრადობას უზრუნველყოფს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, ის ვერცხლის მედლის მფლობელია

კომენტარები